უკრაინის კორუფციული სკანდალი რადაში ოპოზიციის პროტესტის მიზეზი გახდა. მათ ტრიბუნა დაბლოკეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. კიდევ ერთი პირობა ზელენსკისთან შეხვედრაა. პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადადგომა საკმარისი არ არის და თანამდებობები მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრმა უნდა დატოვოს. ამისთვის საკანონმდებლო ორგანოში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. მთავრობის გადადგომას ტიმოშენკოს პარტიაც ითხოვს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყანა სამმაგ კრიზისში იმყოფება.
"ქვეყანა სამმაგ კრიზისში იმყოფება - კრიზისი ფრონტზე, კორუფციული კრიზისი და კრიზისი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, პარტნიორებთან ურთიერთობებში. ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავრობის გადატვირთვის და ახალი კოალიციის შესაქმნელად. ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ მთავრობიდან ერმაკ მინდიჩის ჩანაწერების ყველა ფიგურანტი", - აცხადებს პეტრო პოროშენკო.
პარტია "ბატკივშინას" ლიდერი, იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში კლასიკური პოლიტიკური კრიზისია.
"ქვეყანაში კლასიკური პოლიტიკური კრიზისი გვაქვს. კორუფცია უკვე გასცდა ყველა შესაძლო ზღვარს და პრაქტიკულად, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შემოიჭრა. ასეთი კორუფციული არმაგედონი ქვეყანაში არასდროს ყოფილა. ქაოსია სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურაშიც. ქვეყანა არ იმართება პროფესიონალურად", - აცხადებს იულია ტიმოშენკო.