04 აგვისტო 2026,   08:46
ვრცლად
სალონური საღამოების ტრადიცია ქუთაისში - 78 წლის ნუნუ ქათამაძე, რომელიც მასპინძლობით არის განთქმული

ქუთაისში, ამ სტუმართმოყვარე ქალაქში, სტუმრებს ყოველდღე ელოდებიან. განსაკუთრებით კი საფიჩხიაზე მდებარე ერთ-ერთ საუკუნოვან სახლში.

ნუნუ ქათამაძეს სტუმრები დღესაც ესტუმრნენ, ქუთაისში მასპინძლობით განთქმულ 78 წლის ქალს, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა მოსაწვევებს საკუთარი ხელით ამზადებს, მისი სახლი კი სალონური საღამოების ადგილია.

ყველა საღამო წინასწარ გაწერილია. ჯერ ბარათზე წერს, ვის, რატომ და რასთან დაკავშირებით ეპატიჟება. სტუმრებმა მენიუც წინასწარ იციან, კერძები ჩადგმით თუ ჩამოტარებით, ისიც, როგორც გაატარებენ დროს, ქუთაისური იუმორით, თბილ საღამოს მუსიკითა თუ პოეზიით. ქუთაისური საღამოების მასპინძელი გვიყვება, რომ ხშირად მასთან მისულ სტუმრებს დროც ავიწყდებათ და აღარც წასვლა უნდათ.

ნუნუ ქათამაძე ქუთაისში დაიბადა, ბებიასთან სოფელში იზრდებოდა. სალონური საღამოების ტრადიციაც და სტუმრის მიმართ გამორჩეული სიყვარულიც სწორედ ბავშვობის წლებიდან გაუჩნდა.

ასე დაიწყო სალონური საღამოების ტრადიცია ამ ოჯახში - თავგადასავალი, რომელიც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.

ცხოვრების მთავარ მისიად სტუმრების გახარება დაისახა მიზნად, როცა საკუთარ სახლში სალონური საღამოების ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. იმ წლებში, როცა სარესტორნო სამსახური ჯერაც არ მუშაობდა და არც გასტრონომიულ კულტურაზე საუბრობდნენ.

სტუმართმოყვარეობით განთქმულ ქალს ჩაიდნების კოლექცია აქვს, შეუცვლელია ამ ოჯახში ჩაის რიტუალიც და მის მიერ დამზადებული მურაბებიც. სახლში ბებიისა და მამის ძველი ნივთები ცოცხლობენ, რომელიც ბავშვობის წლებს ახსენებს.

ყოფილა ტრაგიკული წვეულების მასპინძელიც, მაშინ, როცა მეუღლე გარდაეცვალა.

აქ, ამ ქუთაისურ სახლში ფრანგული ტრადიცია გრძელდება, ეს სტუმრის წიგნია ათასგვარი ხელნაწერითა და ფოტოთი, აქ რას არ შეხვდებით და ვის არ შეხვდებით, წიგნი ამ ქალაქის ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს.

ქალს, რომელმაც ცხოვრების მისიად სტუმრების გახარება დაისახა მიზნად, სურს რომ ცოდნაცა და ტრადიციებიც მომავალ თაობას გადასცეს. არამხოლოდ კულინარია, არამედ ამ ისტორიული ქალაქის - ქუთაისის ნაცნობი თუ უცნობი ისტორიები.

ისევ სტუმარს ელოდება, რომელმაც ამ ქუთაისურ საუკუნოვან სახლში სუფრასთან მოყოლილი ამბებით ახალ თავგადსავალში უნდა იმოგზაუროს.

დღის ამბები