19 ივნისი 2026,   05:19
ვრცლად
კორუფციული სკანდალი და კვალი, რომელიც ზელენსკის უახლოესი გარემოცვის კიდევ ერთ წევრამდე მიდის - ანალიტიკოსები მიმდინარე პროცესს პოლიტიკური კრიზისის საწყის ეტაპად აღიქვამენ

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ჟენევაში, ამერიკელებს ხვდებოდა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სახელმწიფო დელეგაციას მეთაურობდა და უკრაინაში ომის დასრულების გეგმას განიხილავდა, დღეს კი მთელი მსოფლიო მის შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს კორუფციულ სკანდალში.

ანდრეი ერმაკი, რომელიც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და რომელმაც პოსტი კორუფციული სკანდალისა და მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის გამო გუშინ დატოვა, ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება. არ არის გამორიცხული, ბრალდებულის სკამზეც აღმოჩნდეს.

"ოპერაცია მიდასი" - ასე ჰქვია ფართომასშტაბიან კორუფციულ გამოძიებას, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში სავარაუდო თაღლითურ სქემებს ეხება. მართალია, ანდრეი ერმაკისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, თუმცა სხვადასხვა წყაროთი დასტურდება, რომ გამოძიების პირდაპირი ფიგურანტები მისი პარტნიორები და მეგობრები არიან.

ერმაკმა მინიშნება თავად ზელენსკიზეც გააკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი უფროსი ამბობს იმასაც, რომ საკუთარი სახელის დასაცავად ფრონტის ხაზზე საბრძოლველად მიდის.

უკრაინული ოპოზიცია ამტკიცებს, ხოლო საქმის სხვა ფიგურანტები მიუთითებენ, რომ გამოძიება ვოლოდიმირ ზელენსკისკენ მიდის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ამ კუთხით დუმილს ინარჩუნებს. ზელენსკი მხოლოდ ერმაკის გადადგომაზე საუბრობს და ერს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

მიმდინარე კორუფციული სკანდალის გარშემო ერთიანობა შესაძლოა უკრაინელმა ხალხმა არა, თუმცა კიევის საერთაშორისო პარტნიორებმა ნამდვილად დაკარგეს – წერს "ლე მონდი". სტატიაში ნათქვამია, რომ როდესაც ევროპა მოვლენებით შეშფოთებულია და გამოსავალს ეძებს, ტრამპის ადმინისტრაცია შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. ფრანგული გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი კორუფციული სკანდალით ზელენსკის დონეცკის ოლქის დატოვებისა და სხვა უპრეცედენტო ნაბიჯებისკენ უბიძგებს.

დადასტურდა ისიც, რომ ბრიუსელმა უკრაინასთან კორუფციის გამო წითელი ხაზების გავლება დაიწყო. იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი Politico-სთან ინტერვიუში უკრაინას კონკრეტულ დათქმებს უყენებს.

ანალიტიკოსები მიმდინარე პროცესს პოლიტიკური კრიზისის საწყის ეტაპად აღიქვამენ. ისინი მიუთითებენ, რომ შესაძლოა, კორუფციული სქემების გამო, კიევის ქუჩებში ანტისამთავრობო პროტესტმა, 2014 წლის მსგავსად, კვლავ იფეთქოს.

უკვე 15 თვეა, უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრების გარშემო ანტიკორუფციული უწყებები გამოძიებას აწარმოებენ. დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" კონტრაგენტებისგან უკანონო შემოსავალს იღებდა. საქმეზე დაკავებულია ათობით პირი, მათ შორის ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი. თანამდებობის დატოვება მოუწიათ იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებს. სკანდალის მთავარ ფიგურანტად კი ზელენსკის უახლოესი გარემოცვის კიდევ ერთი წევრი თემურ მინდიჩი სახელდება, რომელმაც ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვა.

დღის ამბები