უკვე მესამე დღეა ასობით მეხანძრე Van Phuc Court-ის რვა ცათამბჯენში ცეცხლის კერების ლოკალიზებას ცდილობს. ღამით, ცეცხლმოკიდებული შენობებიდან მაშველებმა ასზე მეტი ადამიანის ცხედარი გამოიტანეს. Tai Po-ს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში 300-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ. ხანძარს 128 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ დრომდე უცნობია, სად იცხოვრებს კომპლექსის 5 000-მდე მაცხოვრებელი. ასობით ადამიანი ღამეს ქუჩაში, საგანგებოდ მოწყობილ კარვებში ათენებს. დაზარალებულების დასახმარებლად მოხალისეები ქალაქში პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აგროვებენ.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პარალელურად, სამართალდამცველები ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობენ. გამოძიების ვერსიით, ცეცხლის გაჩენა სავარაუდოდ შენობების ფასადებზე, სარემონტო სამუშაოებისთვის დროებით დამონტაჟებული ბამბუკის ხარაჩოების აალებამ გამოიწვია. გამომძიებლები ახლა საქმეზე დაკავებულ სამ პირს კითხავენ.
Van Phuc Court-ის საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძარი ჰონგ-კონგის ისტორიაში უპრეცედენტოა. წინასწარი მონაცემებით, გადამწვარ საცხოვრებელ უბანში ზარალის სავარაუდო ოდენობა ასობით მილიონ დოლარს სცდება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე