დაჭრილი სამხედროების გადარჩენას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე, პოლიცია ცდილობდა. თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულმა მამაკაცმა ეროვნული გვარდიის ორ წევრს ცეცხლი ახლო მანძილიდან, დამიზნებით გაუხსნა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეჭვმიტანილი ადგილიდან მიმალვას შეეცადა, თუმცა მას, სავარაუდოდ, პოლიციელების გასროლილი ტყვია მოხვდა.
შემთხვევას, რომელსაც ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უკვე მიეცა, ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ რომ არა პოლიციის რეაგირება, დაშავებულების რიცხვი შესაძლოა გაზრდილიყო.
მომხდარიდან მალევე პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. ოფიციალური ინფორმაციით, ის ავღანეთის მოქალაქე, 29 წლის რახმანულუ ლაკანვალაა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად 2021 წელს მაშინ გადავიდა, როდესაც პენტაგონის სამხედროებმა ქაბული დატოვეს.
ტერორისტულ აქტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვით გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა საკუთარი წინამორბედის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ ჯო ბაიდენის დროს ქვეყანაში შესულ უცხოელებს გადაამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში შტატებიდან გააძევებენ.
სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დავალებით, პენტაგონი ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის დამატებით 500 სამხედროს აგზავნის. გადაწყვეტილების შესახებ ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მედიასთან ისაუბრა.
ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებაც. უწყებამ დღეს განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ავღანეთის ყველა მოქალაქის ბინადრობასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა. მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დაცვა სახელდება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.