ხანძარია ჰონკონგში, უკვე 24 საათზე მეტია, მეხანძრე-მაშველები რვა ცეცხლმოკიდებულ ცათამბჯენში შიდა პერიმეტრზე შეღწევას და შენობებში ჩარჩენილი მოსახლეობის გამოყვანას ცდილობენ. ჰონგ-კონგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტაი პოს რაიონში მასშტაბურმა ხანძარმა 55 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; ასობით მოქალაქე ამ დრომდე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი უბანის მიმდებარედ განგაშის უმაღლესი, წითელი ნიშნული გამოაცხადა და კერების ლიკვიდაციისთვის ადგილზე ათასზე მეტი მეხანძრე-მაშველი გადაისროლა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 60-ზე მეტი ბრიგადა და ასობით ერთეული სპეციალური ტექნიკა.
"ვან ფუკ ქურთის" კომპლექსის 5 ათასამდე მაცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩა; ადგილობრივი მედიის ცნობით, მათი უმეტესობა ხანდაზმულია. დაზარალებულების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა, დროებით კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავშესაფარში ათასამდე ადამიანი გადაიყვანა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის. სამართალდამცავი უწყება მომხდარის რამდენიმე ვერსიას იძიებს. ცნობილია, რომ შენობების ფასადებზე სარემონტო სამუშაოებისთვის ბამბუკის ხარაჩოები იყო დამონტაჟებული, რამაც, სავარაუდოდ, ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავა.
მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა ჰონ-კონგის ლიდერმა. საკუთარ მიმართვაში ჯონ ლიმ დაზარალებულ მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.
"ვან ფუკ ქურთის" საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძარი ჰონგ-კონგის ისტორიაში უპრეცედენტოა; წინასწარი მონაცემებით, გადამწვარი საცხოვრებელი უბანში ზარალის სავარაუდო ოდენობა ასობით მილიონ დოლარს სცდება.