ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტიფ უიტკოფი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს იური უშაკოვს რჩევებს აძლევდა, თუ როგორ უნდა ესაუბროს პუტინი ტრამპს და რეკომენდაციებს გასცემდა, რომ ეს საუბარი თეთრ სახლში ზელენსკის ვიზიტამდე შემდგარიყო, - ინფორმაცია "ბლუმბერგმა" მაღალჩინოსნების საუბრის სატელეფონო ჩანაწერზე დაყრდნობით გაავრცელა.
მედიის მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ სატელეფონო ჩანაწერში, რუსეთის პრეზიდენტის მომლაპარაკებელი კირილ დმიტრიევი და პუტინის თანაშემწე უშაკოვი განიხილავენ "სამშვიდობო გეგმის" რუსული პროექტის ამერიკელებისთვის გადაცემის სქემას, რათა თეთრ სახლს ეს იდეები საკუთარ ინიციატივად წარმოეჩინა.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი. ტრამპი ამბობს, რომ უიტკოფს და უშაკოვს შორის სტანდარტული მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
ცნობილია კრემლის პოზიციაც - რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად.