აშშ-ის კონგრესის სენატორმა ნიუ ჰემფშირიდან, ჯინ შაჰინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, უკრაინის არმიამ "მომავალ კონფლიქტში ევროპასა და შეერთებულ შტატებთან ერთად იბრძოლოს".
"ამჟამად უკრაინას ევროპაში ყველაზე დიდი არმია ჰყავს. ისინი ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული არმიაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს არმია მოკავშირეების მხარეს იყოს და მომავალ კონფლიქტში ევროპასა და შეერთებულ შტატებთან ერთად იბრძოლოს", - აცხადებს შაჰინი.
მან რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზეც გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთი ისე იარაღდება, რომ მათ არა მხოლოდ უკრაინაში შესვლის, არამედ ნატო-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე თავდასხმის საშუალება ეძლევათ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მომავალში არ მოხდება და საჭიროა გარკვეული ანგარიშვალდებულება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ვლადიმერ პუტინის მსგავსი აგრესორი დაუსჯელი დარჩეს, რადგან ეს შემდეგ ჩინეთისთვის, ირანისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩვენი სხვა მოწინააღმდეგეებისთვის გზავნილი იქნება", - აცხადებს სენატორი.