აშშ-ში, იუტას შტატის ქალაქ მოაბის კეინ კრიკის რაიონში, პარაშუტისტი გადაარჩინეს, რომელიც კლდეს შეეჯახა და რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე დაეკიდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
გრანდ ქაუნთის სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 43 წლის მამაკაცი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 13:00 საათზე კედელს შეეჯახა და პარაშუტით დაეკიდა.
მედიის ცნობით, კლდეზე დაკიდებული პარაშუტისტი ქალაქიდანაც კი ჩანდა.
მაშველების ინფორმაციით, კლდესთან შეჯახების შედეგად, მამაკაცს საშუალო სიმძიმის ტრავმები ჰქონდა მიღებული, რის გამოც მისი სპეციალური ტექნიკით დაფიქსირება გახდა საჭირო.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.