19 ივნისი 2026,   02:00
ვრცლად
ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა - რას იზამს ზელენსკი და რისი დათმობა მოუწევს მას მშვიდობის სანაცვლოდ

ორი განცხადება, თითქმის ოთხწლიანი სხვაობით, პირველი, 2022 წელს, როცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მეორე კი უკვე 2025 წელს, როდესაც ომის დასასრული ყველაზე ახლოსაა. რას იზამს ზელენსკი, რისი დათმობა მოუწევს მას მშვიდობის სანაცვლოდ.

სია გრძელია, გადაწყვეტილების მისაღებად დრო მცირე - ტრამპი, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს უკან დასახევ გზას აღარ უტოვებს. შტატების 47-ე პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ შეთანხმების მისაღწევად ბოლო ვადა 27 ნოემბერია. ის ზელენსკის ზამთარში მისთვის ნათქვამ სიტყვას ახსენებს და ამბობს, რომ უკრაინის მთავარსარდალს ხელში ბანქოს კარტი აღარ დარჩა.

გეგმა მოსწონს, თუმცა შტატებთან მის დეტალურ განხილვას მოითხოვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. პუტინის განცხადებით, უკრაინა დასავლელი პარტნიორების ილუზიებით მოქმედებს და იჯერებს, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთს დაამარცხებს.

ამერიკის პრეზიდენტის მეთაურობით შედგენილი სამშვიდობო დოკუმენტი უპირობო კაპიტულაციის გეგმად აღიქმება ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებში. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს შეთანხმება იმაზე მძიმეა, ვიდრე მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული ნებისმიერი სხვა სამშვიდობო შეთანხმება. სწორედ ამიტომ, ევროპელი ლიდერები მოსაფიქრებლად დროს ითხოვენ, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას მაინც უკრაინას აკისრებენ.

ევროკავშირში არიან ისეთებიც, ვინც ტრამპის პირობებს სრულად იზიარებენ. დღეს ვრცელი მიმართვა გაავრცელა უნგრეთის პრემიერმა. წაგებულ ომში დახარჯული მილიონები, - ასეთია უნგრეთის პრემიერის შეფასება, რომელიც ამბობს, რომ ევროპამ კარად იცოდა და ახლაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული ომის მძიმე ფინალი. ორბანმა მწვავედ გააკრიტიკა ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც მისი თქმით, ომს მხარს უჭერენ.

ვიდრე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ომი უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება, წნეხი კი უკრაინის პრეზიდენტზე ქვეყნის შიგნითაც იზრდება. ზელენსკის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები კორუფციის მფარველობასა და საბიუჯეტო თანხების მითვისების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ამ ყველაფრის ფონზე კი, ტრამპის მიერ შეთავაზებული შეთანხმების თაობაზე პასუხის გასაცემად ომში მყოფ ქვეყანას, მხოლოდ 5 დღე რჩება.

დღის ამბები