დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის 5 დღიანი ვადა მისცა, მაგიდაზე 28 პუნქტიანი გეგმა დევს. ხანგრძლივი მშვიდობის შეთანხმება თუ უპირობო კაპიტულაციის გაფორმება? - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ შტატების გეგმა ვლადიმერ პუტინს მოსწონს, ტრამპი კი უკან დასახევ გზებს აღარ ტოვებს.
"უკრაინელებთან არაერთხელ მისაუბრია. ჩვენ გვაქვს გეგმა. საშინელებაა, რაც ხდება. ეს არის ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო. ომის დარეგულირების კუთხით მათ უფრო სწრაფად უნდა ემოქმედათ. ახლა ცივი ზამთარია და ბევრი – დიდი ენერგეტიკული საწარმო, რბილად რომ ვთქვათ, თავდასხმის ქვეშ მოექცა. ახლა ვფიქრობთ, რომ გვაქვს მშვიდობის დამყარების გზა. ზელენსკიმ კი უნდა დაამტკიცოს ეს. რაღაც მომენტში მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რადგან, ყველას ახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინ ოვალურ ოფისში მე ზელენსკის ვუთხარი: "თქვენ არ გაქვთ ბანქოს კარტები" - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ღირსების აყრა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა - ასე უყურებს თავად ზელენსკი ვითარებას და ცივ ზამთარზე საუბრობს:
"ალასკაზე მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკული მხრიდან დადგა გარკვეული პაუზა. და ჩვენ ვიცით, რომ ეს დაკავშირებულია უკრაინის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის ფაქტობრივ უარყოფასთან. სწორედ ამიტომ გაჩნდა შეთანხმების ახალი რედაქცია, ფაქტობრივად, მოდერნიზებული გეგმა უკვე 28 პუნქტის სახით. ეს ტექსტი ჩვენ გვაქვს. ის მივიღეთ ამერიკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის არსებული არხებით. ვფიქრობ, რომ ისიც შეიძლება დაედოს საფუძვლად საბოლოო სამშვიდობო დარეგულირებას. მაგრამ საგნობრივად, ჩვენთან ეს ტექსტი არ განუხილავთ. და შემიძლია ვივარაუდო, რატომ. მიზეზი, ვფიქრობ, იგივეა – აშშ-ის ადმინისტრაცია ამ დრომდე ვერ ახერხებს უკრაინული მხარის თანხმობის მიღებას. უკრაინა წინააღმდეგია. როგორც ჩანს, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები ამ დრომდე ილუზიებში არიან და ოცნებობენ, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი მიაყენონ. ასეთი პოზიციის საფუძველი დგას არა იმდენად კომპეტენციის დაბალ დონეზე, არამედ, სავარაუდოდ, ეს პოზიცია დაკავშირებულია ბრძოლის ველზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის არქონასთან," - აღნიშნა ზელენსკიმ.