იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში, ოიტას სანაპირო ნაწილში, საცხოვრებელ რაიონში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სამხედრო ვერტმფრენებიც იყო ჩართული. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ტერიტორიიდან 170-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
ხანძრის ჩასაქრობად, ათობით სახანძრო მანქანა და 200-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული. მათ ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის 20 საათზე მეტი დრო დასჭირდათ. ცეცხლის მასშტაბიდან გამომდინარე, სახმელეთო თავდაცვის ძალებმა, მეხანძრეების დასახმარებლად ადგილზე ორი სამხედრო UH1 ტიპის ვერტმფრენი გაგზავნეს.
კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის ცნობით, მინიმუმ 170 სახლი დაზიანდა ან დაიწვა.