19 ივნისი 2026,   02:00
ვრცლად
ახალი კვლევა კოცნის წარმოშობის შესახებ - ეს პრაქტიკა შესაძლოა 21 მილიონი წლის წინ წარმოიშვა

კოცნის ევოლუციის შემსწავლელი ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ მაიმუნებისა და ადრეული ადამიანების წინაპრები, როგორიცაა ნეანდერტალელები, სავარაუდოდ, კოცნიდნენ თავიანთ მეგობრებსა და სექსუალურ პარტნიორებს. ეს პრაქტიკა შესაძლოა 21 მილიონი წლით თარიღდებოდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადამიანების ყველაზე ადრეული კოცნა 4 500 წლის წინ, მესოპოტამიასა და ძველ ეგვიპტეში დაფიქსირდა, თუმცა კვლევის წამყვანი ავტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ევოლუციური ბიოლოგი, მატილდა ბრინდლი, მიიჩნევს, რომ კოცნა "ევოლუციურ გამოცანას“ წარმოადგენს.

როგორც ჩანს, ის მაღალ რისკებს შეიცავს, როგორიცაა დაავადებების გადაცემა, რეპროდუქციული ან გადარჩენის აშკარა სარგებლის გარეშე - თქვა მან.

"კოცნა ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომლის შესწავლითაც ნამდვილად დავინტერესდით. ეს ცხოველებში გავრცელებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის შესაძლოა ევოლუციური თვისება იყოს“, - განუცხადა CNN-ს ბრინდლმა, რომელიც პრიმატების სექსუალურ ქცევას სწავლობს.

კოცნა, რომელსაც გუნდი განსაზღვრავს, როგორც საკვებთან დაუკავშირებელ არააგრესიულ პირიდან პირში კონტაქტს, პალეონტოლოგიურ ჩანაწერებში არ გვხვდება, ამიტომ ბრინდლმა და მისმა კოლეგებმა განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს.

ხელმისაწვდომი სამეცნიერო ლიტერატურიდან მკვლევრებმა შეაგროვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ თანამედროვე პრიმატების რომელი სახეობების კოცნა დაფიქსირდა, მათ შორის არიან შიმპანზეები, ბონობოები, ორანგუტანგები და გორილას ერთი სახეობა.

შედეგები, რომლებიც ოთხშაბათს ჟურნალ "ევოლუცია და ადამიანის ქცევაში" გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ კოცნა დიდი ადამიანის მსგავსი მაიმუნების უძველესი თვისებაა, რომელიც ამ ჯგუფის წინაპრებში 21.5-დან 16.9-მილიონ წლამდე პერიოდში განვითარდა.

დღის ამბები