ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების საჭირო რაოდენობა უკვე შემოტანილია. სახელმწიფო წამლებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის. დასრულების ეტაპზეა სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება.
უწყებაში აცხადებენ, რომ რიგ მედიკამენტებზე ფასები 10-ჯერ შემცირდა, რასაც ხელი სახელმწიფოსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მიღწეულმა, პირდაპირი შესყიდვის შეთანხმებამ შეუწყო.
სამინისტრომ გამოავლინა რომ კერძო იმპორტიორები წამლებზე ფასებს ზოგ შემთხვევაში 800 პროცენტამდე ზრდიდნენ, რასაც საცალო სააფთიაქო ქსელში არსებული ფასნამატიც ემატებოდა. შედეგად, მომხმარებელს საჭირო წამლის შეძენა რეალურ ღირებულებაზე ბევრად ძვირად უწევდა.
შემცირებული ფასები, გაზრდილი ხელმისაწვდომობა და არამიზნობრივი მოხმარების პრევენცია - მედიკოსები რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციაზე კონტროლს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. მედიკამენტები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გაიცემა. ნებისმიერი გადაცდომა კი კანონით რეგულირდება.
მედიკამენტების მარაგების შევსებით სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპს ასრულებს. მანამდე კერძო სუბიექტებს ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება აეკრძალათ და სერვისი სრულად სახელმწიფო მართვაზე გადავიდა. ცვლილებები ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.