19 ივნისი 2026,   02:57
ვრცლად
"მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ" - ზელენსკი კორუფციულ სკანდალზე

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან, ენერგეტიკულ სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემის გამოვლენის საქმეზე, განცხადებები კეთდება როგორც უკრაინის, ასევე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.

"ფრთხილად იყავით კორუფციის მიმართ, ფრთხილად იყავით რუსული მოდელის მიმართ, რადგან თუ ასეთ ინციდენტებს მოითმენთ, ომს წააგებთ," - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ამბობს, რომ მან ზელენსკის უთხრა, ყურადღებით ყოფილიყო მის გარშემო კორუფციის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი ნიშნის მიმართ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი უკვე დაიწყო. მრავალმილიონიან კორუფციულ სქემაზე ინფორმაცია უკრაინულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს გაავრცელა. უკრაინაში, ფულის გათეთრებისა და კორუფციული ქმედებების ჩადენის საქმეზე ბრალი სულ 7 პირს წარუდგინეს, მათ შორის არიან ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და კომპანია ენერგოატომის ხელმძღვანელი პირები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პასუხისგებაშია მიცემული 5 პირი.

"მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ. მთავრობამ ამას სრულად უნდა დაუჭიროს მხარი. სწორედ ამაზე ვამყარებ იმედებს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები