ტაილანდისა და მალაიზიის საზღვართან, არალეგალი მიგრანტების გადამყვანი ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ცამეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. მალაიზიის სანაპირო დაცვის ცნობით, ლანგკავის კურორტთან ჩაძირულ ნავზე, დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფებოდა.
მალაიზიის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიგრანტები 300 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის ნაწილი იყვნენ, ისინი მიანმარის ღარიბი, რაკჰაინის შტატიდან ორი კვირის წინ, დიდი გემით გაიქცნენ, შემდეგ კი პატარა ნავებში გადანაწილდნენ.
სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს და სამძებრო არეალი 170-დან 256 კვადრატულ საზღვაო მილამდე გააფართოვა.