19 ივნისი 2026,   02:59
ვრცლად
კომპრომატი თუ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება - რა კითხვის ნიშნები არსებობს მარტა კოსის საქმიანობასთან დაკავშირებით და რატომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან?

უცხოურ მედიაში კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხსნა სლოვენიელმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2022 წელს. ჩნდება ეჭვი, ხომ არ არსებობდა მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატი, რის გამოც მას უკან დახევა მოუწია. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მარტა კოსმა გადაწყვეტილების მიზეზად თავდაპირველად პირადი მოტივები, ხოლო შემდეგ სლოვენიაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება დაასახელა.

მასზე ასევე ღიად საუბრობს ექსპერტი UDBA-ს [იუგოსლავიის საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია] ოპერაციების საკითხებში, პუბლიცისტი იგორ ომერცა, რომელიც მარტა კოსს ჯაშუშს უწოდებს და ამბობს, რომ ის სწორედ "UDBA-ს ჯაშუში იყო".

სლოვენიის მედიაში აქტიურად იბეჭდებოდა იმის შესახებ, რომ არსებობს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მარტა კოსი ინფორმაციას აძლევდა იუგოსლავიის სპეცსამსახურებს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, როდესაც მარტა კოსი ევროკომისრად წარადგინეს, სლოვენიის ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მარტა კოსის კანდიდატურა მიუღებელი იყო. მიზეზად კი მისი გამოუცდელობა და სწორედ ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან სავარაუდო კავშირები დასახელდა. სლოვენიის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომანა ტომცმა განაცხადა, რომ მარტა კოსი, "სრულიად მიუღებელი" და "პრობლემურია" EPP-ისთვის. 

მედიაში ასევე განხილვის საგანი იყო შვეიცარიაში მისი ელჩად მუშაობის პერიოდი. ამის შესახებ სტატიაც კი დაიბეჭდა.

"რატომ გადადგა მარტა კოსი? - შვეიცარიაში ელჩი თანამდებობას საელჩოს მართვასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების გამო ტოვებს", - ამის შესახებ mladina.si-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომელიც 2020 წლით თარიღდება. სტატიაში საუბარია მარტა კოსის გადაწყვეტილებაზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარტა კოსმა განაცხადა, რომ "მისი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო განსხვავებული შეხედულებების გამო საელჩოს მენეჯმენტთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მან ასევე დაადასტურა, რომ მისი გადადგომა ნაწილობრივ უკავშირდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბერნში მდებარე საელჩოში ჩატარებულ სპეციალურ შემოწმებას იმის გასარკვევად, თუ როგორ ხელმძღვანელობდა იგი შვეიცარიაში სლოვენიის საელჩოს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ (MFA), რომელსაც ანჟე ლოგარი (SDS) ხელმძღვანელობდა, Dnevnik-ის ცნობით, დაადასტურა, რომ მაისის ბოლოდან ივნისის შუა პერიოდამდე ბერნის საელჩოში ჩატარდა ოთხკვირიანი საგანგებო მონიტორინგი ელჩ მარტა კოსის საქმიანობაზე. საგანგებო შემოწმების მიზეზად დასახელდა საელჩოს თანამშრომელთა საჩივრები მარტა კოსის მხრიდან არასათანადო მართვის შესახებ. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი საჩივრები არსებობდა მის წინა საქმიანობაზეც — როდესაც ის ბერლინში ელჩად მუშაობდა", - ნათქვამია სტატიაში.

ასევე, ვხვდებით სტატიებს იმის შესახებ, თუ რატომ მოხსნა მარტა კოსმა თავისი კანდიდატურა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, სადაც არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იკვეთება. აღსანიშნავია, რომ მარტა კოსის მხრიდან ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზეზი სახელდება.

2022 წელს, გამოცემა n1info.si-ზე მარტა კოსის წასვლის მიზეზებზე ვკითხულობთ, რომ ამაზე ორი ახსნა არსებობს. გამოცემის ცნობით, რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ მარტა კოსს პარტიის პრეზიდენტმა ულტიმატუმი წაუყენა და ის თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო რობერტ გოლობი ამტკიცებს, რომ მარტა კოსმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამოსვლა პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა.

წყაროების მიხედვით, გოლობმა მარტა კოსს ულტიმატუმი წაუყენა, რომ ის ან გადადგებოდა და განაცხადებდა, რომ ეს პირადი მიზეზების გამო გააკეთა, ან პარტიის საბჭოს ეცნობებოდა მის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რაც პარტიის მიერ მისი კანდიდატურისთვის მხარდაჭერის გაუქმებას გამოიწვევდა.

როგორც ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ კოსი ირწმუნებოდა, მას არ ჰქონდა საიდუმლოებები, სკანდალები ან ისეთი წარსული ქმედებები, რომლებიც მისთვის უხერხულობას ან რეპუტაციის გაუარესებას გამოიწვევდა, გოლობმა მას ბოლო ვადა მისცა, რომ არაუგვიანეს მეორე დილისა, უნდა გადაეწყვიტა რას მოიმოქმედებდა. ღამით, მარტა კოსმა განცხადება დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ "პირადი მიზეზების გამო და შეცვლილ გარემოებებზე დაყრდნობით" იგი ეთიშებოდა საპრეზიდენტო რბოლას. ასევე, აღსანიშნავია, რომ კოსი "თავისუფლების მოძრაობის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდანაც გადადგა.

"თავისუფლების მოძრაობის" აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ, რობერტ გოლობმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან მარტა კოსის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. "როდესაც ვინმე აცხადებს, რომ პირადი მიზეზების გამო ტოვებს თანამდებობას, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, დაიჯეროთ თუ არა. ეს ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა, მისი გადაწყვეტილება იყო", — თქვა გოლობმა და დასძინა, რომ პირიქით, მისმა გადაწყვეტილებამ გააკვირვა.

ხოლო, 2025 წელს მარტა კოსმა ამ თემასთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან ერთად შემდეგი რამ განაცხადა, რომ "ცხოვრებაში არსებობს აღმასვლა და დაღმასვლა". გაზეთ Večer-თან ინტერვიუში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა განმარტა, თუ რატომ მოხსნა თავისი კანდიდატურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო სლოვენიაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან. კომისარმა ამ თემაზე მეტი კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"პირადი თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრება სავსეა აღმასვლებით და დაღმასვლებით. როგორც მაღალი დონის ყოფილი სპორტსმენი, უფრო ხშირად განმიცდია მარცხი, ვიდრე გამარჯვება— მაგრამ ვერ მოგება ყოველთვის არ ნიშნავს მარცხს. რაც 2022 წელს მოხდა, გარკვეულწილად დამეხმარა უკეთ გავმიჯნო, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და რა ნაკლებად მნიშვნელოვანი. ვიცი, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო.“- აღნიშნა კოსმა.

სლოვენიის მედია საშუალება NOVA24 კი ღიად საუბრობს კოსის ჯაშუშობაზე. კერძოდ, ექსპერტი UDBA-ს ოპერაციების საკითხებში, პუბლიცისტი იგორ ომერცა ამბობს, რომ კოსი UDBA-ს ჯაშუში იყო. თავად მარტა კოსი უარყოფს ინფორმაციას, რომ ოდესმე ყოფილა Udba-ს, ყოფილი იუგოსლავიის კომუნისტური რეჟიმის საიდუმლო თანამშრომელი. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი მედიაში გავრცელდა ოფიციალური საარქივო დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს. სწორედ მოცემული საარქივო ნიშნები მოწმობს, რომ ის SDV-ის წყარო იყო (ფაილის ნომერი 452234, SDV ფაილი: -0014000-05448).

ომერცა განმარტავს: "ის იყო უდბას რეგისტრირებული წყარო". მისივე თქმით, მსგავსი საქმიანობის აღსანიშნავად სხვა ტერმინებიც არსებობს – როგორიცაა "დამნაშავეები" ან "ჯაშუშები". "UDBA იყო პოლიტიკური პოლიცია. ისინი იუწყებოდნენ, რას აკეთებდა, მაგალითად, კოცბეკი ან ბორის პაჰორი", – ამბობს ომერცა. მისივე თქმით, "[კოსი] ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აიყვანეს. Udba.net-ის მონაცემები 1987 წლით თარიღდება, ასე რომ, ის საიდუმლო ინფორმატორად არაუგვიანეს 1987 წელს დარეგისტრირდა, მაშინ, როცა სწავლობდა". "როგორც ჩანს, სლოვენიაში კომუნისტური ქვეყნების საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობა გარკვეულწილად ნორმალიზებულია.

ომერცა ამბობს, რომ უდბას, შტაზის [გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახური], კგბ-ს და დემოკრატიული ქვეყნების დაზვერვის სამსახურებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა.

"დემოკრატიულ ქვეყნებში სადაზვერვო სამსახურები სახელმწიფოს იცავენ კრიმინალებისგან, ტერორისტებისგან და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობისგან, ხოლო პოლიტიკური პოლიცია იცავს არა სახელმწიფოს, არამედ მმართველ ელიტას. იგი დევნის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს — არსებობს უზარმაზარი სხვაობა პოლიტიკური პოლიციისა და დაზვერვის სამსახურის შორის. თუ აღმოჩნდებოდა, რომ დღეს დაზვერვის სამსახური პოლიტიკოსებს უთვალთვალებს, თუ მსგავსი ფაქტი მოხდება, ამან შეიძლება მთავრობის ჩამოშლა გამოიწვიოს. პოლიტიკური პოლიცია უკიდურესად საზიზღარი მოვლენაა. ისინი უთვალთვალებენ ადამიანებს სახლში, აშინებენ და აპატიმრებენ. ომერზას თქმით, უდბას წინამორბედი-THE VOS, ომის შემდეგ ადამიანების ლიკვიდაციაშიც მონაწილეობდა. ომის შემდგომი მასობრივი მკვლელობები სწორედ უდბას ან მაშინდელი OZNA-ს ნამოქმედარია. დემოკრატიული ქვეყნების თვალსაზრისით, ეს უკიდურესად საზიზღარი ორგანიზაციებია", – ამბობს ომერცა.

 

 

დღის ამბები