მექსიკაში, მერის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესია გუბერნატორის რეზიდენციის შტურმში გადაიზარდა. ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებმა "პალაციო დე გობიერნო დე მორაკანის" ისტორიულ შენობაში ცეცხლი გააჩინეს, ინტერიერის კედლებზე გრაფიტი დატოვეს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კაბინეტებიდან ავეჯი გადმოყარეს.
მორელიაში, მთავრობის სასახლის შტურმის დაწყებიდან მალევე, ტერიტორიაზე ძალოვნები შევიდნენ. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ შენობაში ცრემლსადენი აირი გაუშვეს. პოლიციის ინფორმაციით, ვანდალიზმისა და სახელმწიფო ქონების დაზიანების ბრალდებით, ადგილზე 8 პირი დააკავეს, არიან დაშავებულები.
მიჩოაკანის შტატის დედაქალაქში დაწყებული არეულობის მიზეზი ამავე შტატის ერთ-ერთი ქალაქის, ურუაპანის მერის მკვლელობა გახდა. 40 წლის კარლოს მანსოს, საკუთარი ქალაქის ცენტრში, 6 ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც ის მიცვალებულთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა. მედიის ინფორმაციით, მოკლული მერი ნარკოკარტელებს ებრძოდა და ფედერალურ ხელისუფლებას მაფიისადმი ლოიალობაში ადანაშაულებდა.
ქვეყნის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი მერის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ცნობილია, რომ პოლიციამ საქმეზე ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა, კიდევ ერთი კი დანაშაულის ადგილზე მოკლა.
მექსიკაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სულ, სხვადასხვა ქალაქის 6 მოქმედი მერი მოკლეს. ირკვევა, რომ ყოველი დანაშაულის უკან ნარკოტიკით ვაჭრობასთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან. დანაშაულების მოტივად კი ძირითადად ნარკოკარტელებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დაშინება და შურისძიება სახელდება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე