19 ივნისი 2026,   01:51
ვრცლად
SIDA-ს აღმოსავლური სკანდალი - ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის დევიზით მოქმედებს, სავარაუდოდ, ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასთან" კავშირში მყოფ NGO-ს აფინანსებდა

დაკარგავს თუ არა საქართველოსთვის მნიშვნელობას ევრონესტის ფორმატი? თბილისი საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობას წყვეტს და მიზეზად პოლიტიკურ ზეწოლასა და შანტაჟს ასახელებს. 
ევრონესტის წლევანდელი სესია სომხეთში მიმდინარეობს, სამხრეთ კავკასიიდან მასში მხოლოდ მასპინძელი ერევანი მონაწილეობს. ბოიკოტს აცხადებს აზერბაიჯანიც, ხოლო მოლდოვამ დელეგაცია ვერ დააკომპლექტა. შედეგად, პლატფორმა მხოლოდ სომხეთისა და უკრაინის მონაწილეობით ტარდება, რაც თავად ფორმატის ეფექტიანობაზე კითხვებს აჩენს.

ევრონესტთან დაკავშირებული დაპირისპირება თბილისში უფრო ფართო პროცესის ნაწილად განიხილება. საუბარია "გარე ზეწოლის იმ მექანიზმებზე", რომლებიც საერთაშორისო პლატფორმებთან ერთად არასამთავრობო სექტორის ნაწილსაც უკავშირდება - ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოელი დონორებისგან იღებენ.

ასეთია მაგალითად, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო - SIDA, რომელმაც საქართველო რამდენიმე თვის წინ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო დატოვა. ახლა კი თავად "სიდა" გახდა ბრალდების ადრესატი. შვედეთის საგარეო დახმარების მინისტრი - ბენჯამინ დოუზა ამტკიცებს, რომ სიდამ დააფინანსა პალესტინური "აი-სი-ეიჩ-არი", რომელიც თავის მხრივ დადანაშაულებულია ჰამასთან კავშირებში

ფერადი ზღაპარი შავი ჩრდილებით და ვირტუალური სამყარო, რომელიც სრულ რეალობას არ ასახავს - ეს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საიმიჯო რგოლია, SIDA-ს სლოგანი უკვე წლებია სამ სიტყვაში ეტევა - "ერთად უკეთესი სამყაროსთვის". ორგანიზაციის ფერადი ფასადი გვიყვება, როგორ უნდა გამოიყენო მილიონები ადამიანის უფლებების დასაცავად. ერთი სიტყვით, მათი ვებ-გვერდი იმედით სავსეა, თუმცა დონორი ორგანიზაციის ვებ-გვერდის რედაქტორებს ერთი მწარე სიმართლის აღნიშვნა გამორჩათ. იმ რეალობის, რომელიც კეთილი განზრახვებით შეფუთული სტრატეგიული მესიჯების მიღმა იმალება. აქ არავინ ამბობს, რომ SIDA რეალურად, ტერორიზმს აფინანსებს.

ირკვევა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საფარქვეშ მოქმედებდა, სინამდვილეში ადამიანის უფლებების მთავარ მტერთან - ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასთან" თანამშრომლობდა.

სქემა გაშიფრულია:

შვედეთის მთავრობა განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილ თანხას განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SIDA-ს ურიცხავს. სააგენტო აცხადებს კონკურსებს და ანაწილებს გრანტებს. ეს თანხები, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებზე (ენჯეოებზე) ნაწილდება. სწორედ ამ გრანტების ნაწილი მიემართებოდა "ჰამასთან" დაკავშირებულ ორგანიზაციებში.

გრანტების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აღმოჩნდა ICHR, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კომისია, რომელიც 1993 წელს შეიქმნა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარის იასირ არაფატის საპრეზიდენტო დეკრეტის საფუძველზე.

ეს ორგანიზაცია, როგორც გაირკვა, უშუალოდ უკავშირდება "ჰამასის" ტერორისტულ აქტებს.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვები:

•⁠ ⁠როგორ აღმოჩნდა შვედი გადასახადის გადამხდელთა ფული ICHR-ს ხელში?

•⁠ ⁠რატომ ვერ შეძლო შვედეთის მთავრობამ გაწეულ დახმარებაზე შესაბამისი კონტროლის განხორციელება?

ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი SIDA-ს (განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს) გენერალური დირექტორისგან ცდილობს.

კითხვები, რომლებსაც ახლა შვედეთის #1 დიპლომატი სვამს, დიდი ხნის წინ გაჟღერდა საქართველოში. ქართველ პოლიტიკოსებს, არც SIDA-ს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები უკვირთ, რადგან ოფიციალური თბილისი, უკვე წლებია ამბობს, რომ სხვა ქვეყნის გადასახადის გადამხდელთა ფული, რეალურად ვერშემდგარ რევოლუციებსა და ძალადობრივ ღონისძიებებზე იხარჯება. ახლა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, კიდევ უფრო მეტად არიან დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკა გამჭვირვალობისა და უცხოური ძალების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სწორია, ხოლო ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებენ, გამოიკვლიონ, რეალურად ვინ არღვევს ადამიანის უფლებებს.

გაირკვა ისიც, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით SIDA-მ საქართველო დატოვა. მიზეზად ადამიანის უფლებების დარღვევა დასახელდა - ყველა გრანტი კი, სამთავრობო პროგრამებიდან ენჯეოებზე გადანაწილდა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ადამიანის უფლებების დამცველი დონორი ორგანიზაცია, ადამიანის უფლებებს თავადვე არღვევდა. თუმცა, ის, რაც სხვებს სხვაგან დაავიწყდათ, კარგად ახსოვთ თბილისში. მართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით SIDA-ს საქართველოში ის სცენარი ჩაუვარდა, რომლითაც უკვე წლებია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მუშაობს.

ფერადი ზღაპარი, შავი ჩრდილებით და ვირტუალური სამყარო, რომელიც რეალობას სრულად არ ასახავს - ისევ გრძელდება. ახლა ყველა შვედეთის მთავრობის რეაქციას და იმ ნაბიჯებს ელოდება, რომელიც დიპლომატიურმა უწყებამ უნდა გადადგას. რას იზამს ოფიციალური სტოკჰოლმი, იმოქმედებს და აღკვეთს ტერორიზმის დაფინანსებას, თუ თვალს დახუჭავს და SIDA-ს კვლავ მისცემს დემოკრატიის საფარქვეშ მუშაობის გაგრძელების უფლებას... ეს მალე გაირკვევა.

დღის ამბები