იამაიკა, კუბა, ჰაიტი – კარიბის ზღვის სამ ქვეყანაში დამანგრეველ სტიქიას ებრძვიან. ქარიშხალმა "მელისამ", ოფიციალური მონაცემებით, უკვე 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კატასტროფის ზონაში მუშაობენ მოხალისეები და თვითორგანიზებული ჯგუფები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჰაიტიში, სადაც მოქალაქეები ნანგრევებსა და მიწის ჩამოშლილ მასაში კვლავ ეძებენ გაუჩინარებულებს.
მედიის ცნობით, "მელისა" ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც კარიბის ზღვის ქვეყნებს თავს დაატყდა. მხოლოდ იამაიკაში, სტიქიას, ბოლო ცნობით, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა მუდმივად იზრდება. 500 ათასამდე აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის ზონიდან სამხედრო ტექნიკით ხდება მოქალაქეების ევაკუაცია კუბაში. კარიბის ზღვის ქვეყანაში, სამაშველო პროცესებში, ხელისუფლებასთან ერთად, თვითორგანიზებული ჯგუფები და "წითელი ჯვრის" მოხალისეები ჩაერთნენ. წყალდიდობის გამო, დატბორილია შენობები, მოქალაქეები საკუთარ სახლში ვერ რჩებიან, თუმცა, ქუჩებში ვერც დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებენ.
სინოპტიკოსების ცნობით, საშუალოდ, ატლანტიკის აუზში, რომელიც კარიბის ზღვასაც მოიცავს, სეზონზე დაახლოებით 14 დასახელებული ტროპიკული შტორმი ყალიბდება, რომელთაგან დაახლოებით 7 ქარიშხლის სიმძლავრეს უტოლდება. თუმცა, მათგან ყველა კარიბის ზღვის ქვეყნებამდე ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ, ქარიშხალი "მელისა" ერთჯერად მოვლენად შეფასდა, რომელმაც რეგიონს დამანგრეველი შედეგები მოუტანა. სტიქიის მიერ მიყენებულმა ზარალმა 48-დან 52 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე