19 ივნისი 2026,   04:28
ვრცლად
ნიკოლა სარკოზი დღეიდან პატიმარია - რა პირობებში გაატარებს პატიმრობის წლებს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი

პარიზი, 9 საათი და 10 წუთი, პიერ გერენის და სორსის ქუჩების კვეთა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, მეუღლესთან კარლა ბრუნისთან ერთად გამოდის, ხელს ართმევს პოლიციის ოფიცრებს, ესალმება მხარდასაჭერად მისულ ასობით ადამიანს, ემშვიდობება მეუღლეს და ავტომობილში ჯდება.

პარიზის XVI უბანში, ასობით ადამიანი გვიან ღამით ნიკოლა სარკოზის ვაჟების - ლუის, ჟანის და პიერის მოწოდების შემდეგ შეიკრიბა, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები მისი სახლის მიმდებარედ, საფრანგეთის ჰიმნს, ""მარსელიეზას"" მღეროდნენ, სკანდირებდნენ ლოზუნგებს და ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს აკრიტიკებდნენ.

დაბურული მინებით, სედანის მარკის შავი ავტომობილი, სახელმწიფო კორტეჟის თანხლებით, მონპარნასის რაიონში მდებარე "სანტეს" ციხეში დილის 9:43 წუთზე მივიდა. პენიტენციური დაწესებულების ეზოში ყოფილ პრეზიდენტს პატიმრები შეძახილებით დახვდნენ. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო სარკოზი!", "სარკოზი აქ არის!" -ისმოდა შენობის ფანჯრებიდან.

თავად პატიმარმა განაჩენის შესახებ ""ლე ფიგაროსთან"" ისაუბრა, გადაწყვეტილებას სასამართლოს შეცდომა და პოლიტიკური შურისძიება უწოდა. ინტერვიუში სარკოზიმ თქვა, რომ სასჯელის ვადას ავტობიოგრაფიული რომანის დასაწერად გამოიყენებს და ციხეში თან წაიღებს სამ წიგნს: ალექსანდრ დიუმას ""გრაფი მონტე-კრისტოს"" ორ ტომს და ჟან-კრისტიან პეტიფილსის ""იესოს"".

უკვე ცნობილია, რომ ციხეში ნიკოლა სარკოზის მეზობლები, ნარკომოვაჭრეები და ტერორიზმში ბრალდებული პირები იქნებიან, ამ მიზეზით მას, სრულ იზოლაციაში მოათავსებენ. ყოფილმა პრეზიდენტმა საპატიმრო ადმინისტრაციის რეკომენდაციებიც მიიღო, ურჩიეს პირად ნივთებთან ერთად ჰქონდეს ყურის საცობები, რადგან ღამით ხშირად ისმის ყვირილი და ხმაური.

ადმინისტრაციული პროცედურების შემდეგ, 5 წლიან საპატიმრო ვადის მოხდას, ნიკოლა სარკოზი 9 მეტრი ფართობის სამარტოო საკანში დაიწყებს. პატიმარს უფლება აქვს სადენიანი ტელეფონით დარეკოს კონკრეტულ ნომრებზე, უყუროს ტელევიზორს. ოთახშია კარადა, საწოლი, სამუშაო მაგიდა და სკამი. ფანჯარას რკინის გისოსი აქვს, ინდივიდუალური საშხაპე სივრცე და სანიტარული კვანძი.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება. უკვე შეტანილია სააპელაციო სარჩელიც, რომლის განსახილველად და განაჩენის გამოსატანად სასამართლოს ინსტანციას ერთი თვე აქვს.

ნიკოლა სარკოზის დაპატიმრებას დუმილით გამოეხმაურა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი. ფრანგული მედია წერს, რომ ემანუელ მაკრონმა ნიკოლა სარკოზის პატიმრობამდე რამდენიმე დღით ადრე ელისეის სასახლეში საიდუმლო შეხვედრაზე უმასპინძლა.

70 წლის ნიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2012 წლებში იყო, ერთი თვის წინ სასამართლომ 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს მიღებაში დამნაშავედ ცნო.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები