საერთაშორისო "წითელი ჯვრის" მისიამ ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გამოყვანის ოპერაცია გამთენიისას დაიწყო. ჰუმანიტარული ორგანიზაციის კოლონები ქალაქ ხან იუნისში და ნეტზარიმის კორიდორის მიმდებარედ, კონკრეტულ ლოკაციებზე მივიდნენ, საიდანაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ჯერ 7, შემდეგ კი 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს.
ორწლიანი ტყვეობიდან დაბრუნებულებს სამშობლოში, თავდაცვის ძალების სამხედროები და ექიმები ოჯახის წევრებთან ერთად დახვდნენ. 20-ვე გათავისუფლებული, სამედიცინო შემოწმების და ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით, ვერტმფრენებით, სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.
მძევლების გათავისუფლებას ისრაელის მოქალაქეები სახალხო ზეიმით შეხვდნენ. თელ-ავივში ათობით ათასმა მოქალაქემ ღამე ქუჩაში გაათენა. შეკრებილებს შორის არიან დაბრუნებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ახლობლების გათავისუფლებას დემონსტრაციებზე ითხოვდნენ.
მძევლების გათავისუფლების პარალელურად, ისრაელში ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერების ინიციატორი. ბენ გურიონის აეროპორტში დონალდ ტრამპს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, სტიფ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დახვდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა პროტოკოლი დაარღვია და ქნესეთში, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ერთი ავტომობილით გაემგზავრა.
"ჰამასის" ქმედებების საპასუხოდ, ისრაელმა უკვე გამოუშვა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებული 1 700 პირი და 250 პატიმარი, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებით სამუდამო სასჯელს იხდიდნენ. მათი ნაწილი ოფერის ციხიდან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გადაიყვანეს, მეორე ნაწილი კი – კეციოტის ციხიდან ღაზას და ისრაელს შორის მდებარე გადასასვლელ პუნქტთან.
ღაზაში ომის დასრულების საკითხზე სამშვიდობო სამიტი დღეს ეგვიპტეში გაიმართება. შარმ ელ-შეიხში 20 სახელმწიფოს ლიდერთან ერთად ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ლიდერები ღაზის სექტორის შემდგომ მოწყობასა და მმართველობის ფორმას განიხილავენ.
ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას საერთაშორისო საზოგადოება, ამერიკის შეერთებული შტატების, ეგვიპტის და ყატარის შუამავლობით, 24 თვის განმავლობაში ცდილობდა. ახლო აღმოსავლეთში ომმა 67 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 160 000-ზე მეტი, ხოლო მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა.