48 საათზე მეტია, ღაზის სექტორში აღარც სროლის და აღარც აფეთქების ხმა არ ისმის - 2 წლის განმავლობაში პირველად, ცეცხლი განუსაზღვრელი ვადით შეწყდა.
ვიდრე თელ-ავივში 2023 წლის ოქტომბერში გატაცებული ტყვეების გათავისუფლებას ელოდებიან, პალესტინელები ბრუნდებიან იქ, სადაც ოდესღაც მათი სახლები იდგა. ახლა თავიანთ მისამართზე მხოლოდ იმ ნივთებს პოულობენ, რაც ნგრევას გადაურჩა, თუმცა აქვთ იმედი, რომ ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდობიანად გააგრძელებენ ცხოვრებას.
ოპტიმისტურად არის განწყობილი სამშვიდობო შეთანხმების მთავარი შემოქმედიც.
ისტორიული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მსოფლიომ პირველად სწორედ დონალდ ტრამპისგან გაიგო. გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში 9 ოქტომბერს, გამთენიისას გამოაქვეყნა.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ახლო აღმოსავლეთში თავადაც დაესწროს.
ვიდრე ტრამპი თავად ჩავა ადგილზე, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში აზუსტებდნენ მისგან მივლენილი და უფლებამოსილი პირები 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის დეტალებს.
სწორედ სინას ნახევარკუნძული, კურორტი შარმ ელ შეიხი იყო ის ადგილი, სადაც სტივ უიტკოფმა და ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა, კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენლების შუამავლობით დაითანხმებს "ჰამასი" და ისრაელი სამშვიდობო შეთანხმებაზე, შედგენილი გეგმა კი ისრაელის პრემიერ-მინისტრს წარუდგინეს. პირველი ფაზის წარმატებით განვითარების შემდეგ, სწორედ ვიტკოფსა და კუშნერს ანდობს თეთრი სახლის ლიდერი შემდგომი პროცესების წარმართვასაც. ტრამპს მიაჩნია, რომ კუშნერის კონტაქტები და გავლენები ისრაელსა და არაბულ სამყაროში იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც მიავლინა ის ამ დიპლომატიურ მისიაში.
20 ცოცხალი და 30-მდე გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი 2000-მდე პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ - ბენიამინ ნეთანიაჰუ კმაყოფილია, რომ საკუთარი მოქალაქეები სამშობლოს დაუბრუნდებიან, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სამხედრო წნეხი "ჰამასზე" კვლავ გაგრძელდება.
მიუხედავად მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის და ტყვეთა გაცვლის შეთანხმებისა, მსოფლიო კვლავ ელოდება, რა ბედი ეწევა ღაზას - ვინ ჩაიბარებს მის მმართველობას, განიარაღდება თუ არა სრულად ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი"? კითხვები ბევრია, თუმცა ვიდრე ამ კითხვებს პასუხი გაეცემათ, მსოფლიო 13 ოქტომბერსა და ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას ელოდება.
ავტორი: სანდრო სანაია