ინდონეზიაში, სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. მაშველები ათეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ასობით მოსწავლე, რომელთა უმეტესობა მოზარდია, აღმოსავლეთ ჯავაში მდებარე "ალ-ჰოზინის" ისლამურ სკოლა-პანსიონში ლოცვისთვის შეიკრიბა, როდესაც ის გასულ ორშაბათს, მშენებლობის დროს ჩამოინგრა.
ინდონეზიის კატასტროფების მართვის სამსახურის ცნობით, ეს წელს ქვეყანაში ყველაზე დამანგრეველი კატასტროფაა. როგორც BBC იუწყება, მაშველები დღის ბოლომდე ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 13 ადამიანის ძებნას დაასრულებენ.
გამომძიებლები ჩამონგრევის მიზეზის დადგენას აგრძელებენ. ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ორსართულიანი შენობა საძირკვლის არასტაბილურობის გამო ჩამოინგრა.