პარიზი, მარსელი, ლიონი, ტულუზა, რენი, ნანტი, ბორდო, ლილი და გრენობლი - საფრანგეთის უმსხვილესი ქალაქები პროტესტის ეპიცენტრია.
850 აქცია და 200 ათასი დემონსტრანტი, კვირის განმავლობაში ქვეყნის ქალაქებში მიმდინარე პროტესტი არეულობაში და ძალოვანებთან შეტაკებებში გადაიზარდა.
ქუჩებში გამოსული მოქალაქეების ნაწილი, გზების და საქალაქთაშორისო მაგისტრალების, სატრანსპორტო კვანძების, საავტომობილო და რკინიგზის სადგურების, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ობიექტების ბლოკირებას ცდილობდა.
პროტესტის დასაშლელად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 80 ათასი სამართალდამცველი გამოიყვანა, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ბოლო მონაცემებით, მიმდინარე პროტესტის დროს პოლიციამ, სხვა და სხვა ბრალდებით 540 ადამიანი დააკავა, მათ შორის თითქმის ნახევარი პარიზში.
ფრანგული მედია, წერს, რომ პროტესტის მიზეზი, ქვეყნის გადაყენებული პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკური პოლიტიკა გახდა, მზარდი სახელმწიფო ვალის დასაძლევად ფრანსუა ბაირუმ საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ინიციატივა წარადგინა. ეროვნული ასსამბლეის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების მიუხედავად, ქვეყანაში დემონსტრაციები დაიწყო. პროტესტის მონაწილეები რიგგარეშე არჩევნებს და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
პროტესტის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა. სებასტიან ლეკორნიუ აცხადებს, რომ არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად მის მთავრობას კრეატიულობა და ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების დაწყება დასჭირდება.
ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას პროტესტით გამოეხმაურა მარინ ლე პენის "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი, მემარჯვენე ოპოზიციონერი ჟორდან ბარდელა და ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა.
ახალი პრემიერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, თუმცა საფრანგეთში პროტესტი არ წყდება. პროფკავშირებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 სექტემბერს ფართომასშტაბიანი გაფიცვა უკვე დააანონსეს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.