პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ პრეზიდენტის სასახლეში გადასვლისას საკუთარი კაბინეტიდან ევროკავშირის დროშა გაატანინა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "გაზეტა ვიბორჩა" (GW) ავრცელებს.
როგორც GW წყაროზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირის დროშის კაბინეტიდან ჩამოხსნა კაროლ ნავროცკის პრეზიდენტის სასახლეში გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო. მათივე ინფორმაციით, იგივე გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, პაველ სეფერნაკერმაც.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ბრძანება არ გაცემულა, მაგრამ ეს ყველამ სიგნალად მიიღო, რომ დროშები ყველგან უნდა მოეხსნათ", - განუცხადა "გაზეტა ვიბორჩას" იმავე წყარომ.
ამასთან, გამოცემა "გაზეტა ვიბორჩა" აღნიშნავს, რომ მთავრობის საბჭოს სხდომაზე, 27 აგვისტოს, ევროკავშირის დროშების არარსებობა თვალსაჩინო იყო, ვინაიდან შეხვედრაში მონაწილე პოლიტიკოსების უკან მხოლოდ პოლონეთის დროშები ჩანდა.
ევროკავშირის დროშები პრეზიდენტის სასახლიდან გაქრა? - ეს კითხვა პოლონურმა მედიამ პრეზიდენტის წარმომადგენელს დაუსვა.
"წინა კვირას პრეზიდენტის გამოსვლებისას გამოჩნდა სამი დროშა: პოლონეთის, ნატოსა და ევროკავშირის. ეს დროშები წარმოდგენილია კანცელარიის შენობებში", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა რაფალ ლეშკევიჩმა, თუმცა, მან კომენტარი არ გააკეთა ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირის დროშა ნავროცკის კაბინეტიდან ნამდვილად გაიტანეს.