სამხრეთ ტაივანს ტაიფუნი “პოდული“ დაატყდა თავს. ქარის სიჩქარემ 191 კმ/სთ-ს მიაღწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქარიშხლის შედეგად ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. კუნძულის დიდი ნაწილი დაიკეტა და ასობით რეისი გაუქმდა.
ტაივანი რეგულარულად აწყდება ძლიერი ქარიშხლების პრობლემას, ძირითადად წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე მთიან აღმოსავლეთ ნაწილში.
ტაივანის ცენტრალური მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ცნობით, ქარიშხალი “პოდული“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ტაიტუნგს დაახლოებით დღის 1 საათზე დაატყდა თავს, კუნძულის სამხრეთ კიდე გაიარა და დაახლოებით სამი საათის შემდეგ, ტაივანის სრუტეში შევიდა.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, ქარიშხალი ჩინეთის სამხრეთ სანაპიროს ოთხშაბათს გვიან ღამით, ან ხუთშაბათს დილით დაატყდება თავს და გავლენას მოახდენს ფუძიანისა და გუანდუნის პროვინციებზე.