ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის პუტინთან მეხუთე შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. სტივ უიტკოფმა მოსკოვი უკვე დატოვა და ვაშინგტონში გაემგზავრა.
რუსეთისთვის ტრამპის მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ორ დღეში იწურება. ახლა შტატების პრეზიდენტი უიტკოფის ანგარიშს ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვაშინგტონის ულტიმატუმს არ დათანხმდება და უკრაინაში 8 აგვისტომდე ომს არ შეწყვეტს, თეთრი სახლი კრემლს ახალ სანქციებს დაუწესებს, მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის კი ტარიფებს აამოქმედებს.
უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე თეთრი სახლის ძალისხმევის შესახებ განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. სპიკერმა განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარებამდე უკრაინას მოკავშირეები თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებით მოამარაგებენ.
შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტის ტრამპის წინადადებას დათანხმდეს.
სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ამ დრომდე რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს. დღეს დარტყმის სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქები. არის მსხვერპლი, დაჭრილია ათობით მოქალაქე, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რეგიონებში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.