"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის განცხადება პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ლორა თორტონი არ არის პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართული პირი, ამიტომ მის კომენტარი შეიძლება აღქმული იქნას, როგორც კონკრეტული ადამიანის მოსაზრება.
"ქართულ პოლიტიკურ პროცესს ეს არ უკავშირდება პირდაპირ იმ მხრივ, რომ ლორა თორტონი არ გახლავთ არც ოპოზიციის ლიდერი და არც პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართული ადამიანი. მისი პოზიციები შეიძლება იყოს აღქმული, როგორც კონკრეტული ადამიანის პოზიცია, ასე რომ ამაში ტრაგიკული არაფერი არ გახლავთ. ყოველთვის შეთქმულების თეორიას ეძებენ -ხოლმე. ძალიან ბევრ ასეთ შეთქმულების თეორიაზე უსაუბრიათ, მაგრამ არცერთი მტკიცებულება არ დადებულა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, როგორც გარე პარტნიორების მხარდაჭერით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიანი აქციებით, პროცესი ახალი არჩევნებით დამთავრდება.
"მშვიდობიანი წინააღმდეგობა არის მნიშვნელოვანი. როგორც ჩვენი პარტნიორების მხრიდან გარე მხარდაჭერით, ასევე შიდა პროტესტით, საბოლოო ჯამში, ახალია არჩევნებით დამთავრდეს ქვეყნის ბედი და არა ერთი კაცის სურვილით, რომელიც უპირისპირდება ამ ინტერესებს. მე არ ვარ ანალიტიკოსი რომ შევაფასო გარე პირების კონკრეტული ინიციატივები", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი, საქართველოში მომიტინგეებს მოუწოდებს, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ. ლორა თორტონის საავტორო სტატია Сivil.ge-ზე გამოქვეყნდა. ოპედის სათაურია - "როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?"