პრემიერ-მინისტრი ყაზახეთში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძეს და დელეგაციის წევრებს დღეს ასტანაში ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უმასპინძლა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ეს ვიზიტის მეორე დღეა - გუშინ გაიმართა შეხვედრა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოლაპარაკება გაიმართა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, სადაც საქართველო და ყაზახეთი ორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ამ დერეფნის წარმატებით ფუნქციონირებისთვის.
"ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ფაქტიურად ყველა მიმართულებას. ვისაუბრეთ ყაზახური ინვესტიციების წახალისებაზე საქართველოში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ ამის მხარდაჭერა, ასევე საუბარი იყო ქართლი კომპანიებისთვის ყაზახეთის ბაზარზე ხელშეწყობაზე. საუბარი იყო ტურისტულ სფეროში თანამშრომლობაზე. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, სადაც საქართველო და ყაზახეთი ორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ამ დერეფნის წარმატებით ფუნქციონირებისთვის. საუბარი იყო იმაზე, რომ ყაზახეთისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა ზოგადად სატრანსპორტო ლოჯისტიკური სფეროს განვითარება, რასაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს თანამედროვე გარემოში", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე ამბობს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ყაზახეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
"ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ინტერნაციონალიზაცია. სწორედ ამ მიზნით დაიდო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ყაზახეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი მიცემს საშუალებას ორ ქვეყანას შორის კვლევითი და უმაღლესი განათლების მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავებას, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხით", - აცხადებს ალექსანდრე წულაძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე