30 აგვისტო 2026,   11:24
ვრცლად
საბიუჯეტო დაფინანსებას და რამდენიმე მილიონი ლარის გადანაწილებას, 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილება მოჰყვა

საბიუჯეტო დაფინანსებას და რამდენიმე მილიონი ლარის გადანაწილებას 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილება მოჰყვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", კოალიციამ "ძლიერი საქართველო" და გიორგი გახარიას პარტიამ თანხმობა უკვე განაცხადეს და დაფინანსების მიღებისთვისაც მზად არიან. ის, ვინც თანხის მიღებაზე უარი თქვა, არის კოალიცია "ცვლილებისთვის". ამ პოლიტიკურმა ძალამ დანარჩენ ოპოზიციონერ ლიდერებს პასუხისმგებლობის ხარისხი დაუწუნა. სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ ლიდერებმა, რომლებიც მოსახლეობას გაფიცვისკენ, გადასახადებზე უარის თქმისა და ქარხნების დახურვისკენ მოუწოდებდნენ, თვითონ ვერ თქვეს უარი სახელმწიფო დაფინანსებაზე.

საბიუჯეტო დაფინანსებაზე ნიკა გვარამიას უარმა ოპოზიციაში უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. მამუკა ხაზარაძის გუნდი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მიღებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამაზე კრიტიკას სპეკულაციას უწოდებს. "ძლიერ საქართველოში" ახლა ის უფრო აინტერესებთ, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის ფონზე, რა ფინანსური წყარო აქვს კოალიციას "ცვლილებისთვის". ხაზარაძემ გვარამიას ისიც შეახსენა, რომ ამ კითხვაზე პასუხი კერძო შეხვედრის დროს ვერ მიიღო.

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანმა" განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ უარს ამბობს დაფინანსების მიღებაზე.

პარტიებს შორის თანხის გადანაწილების გამო დაწყებულ დაპირისპირებაზე მეტად მმართველ გუნდში აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება - არჩევნების ლეგიტიმურობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

საბიუჯეტო დაფინანსების ჩარიცხვას 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან სამი დათანხმდა. "ლელოს" გარდა თანხას მიიღებენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და გიორგი გახარიას პარტიაშიც. ორივე პოლიტიკურ ძალაში ამბობენ, რომ დაფინანსება არჩევნების ლეგიტიმაციასთან კავშირში არაა. გახარიას გუნდში ისიც კი თქვეს, რომ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი ე.წ. შავი ფულის მიღების რისკს ზრდის.

პარტიებში დაპირისპირებას სახელისუფლებო ძალა ოპოზიციის არათანმიმდევრულობით ხსნის. მმართველი პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტები მალე  იმაზე დაიწყებენ ზრუნვას, როგორ ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში.

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა. 11 მილიონ ლარზე მეტი კი ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნება" 6 100 000 ლარს მიიღებს, "ნაციონალური მოძრაობა" 1 556 000-ს, "გახარია საქართველოსთვის" 1 307 000, "ლელო" კი 1 400 ათას ლარს. დაახლოებით 800 000 მიიღებს "გირჩი", "პატრიოტთა ალიანსი" კი 750 000-ს.

დღის ამბები