"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი, ადამიანი, ვინც ღირსეულად იდგება ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. დღეს ყველაზე მთავარია, რომ გიყვარდეს შენი ქვეყანა და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც სჭირდება შენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს," - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევასთან დაკავშირებით გააკეთა.
მან ისაუბრა სალომე ზურაბიშვილზეც და აღნიშნა, რომ ის არ ემსახურებოდა ქვეყნის ინტერესებს და იმართებოდა "გარე ძალებისგან."
"სალომე ზურაბიშვილის კონკრეტული ნაბიჯები, განცხადებები, აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ინტერესებთან, აშკარად ჩანდა, რომ ეს ადამიანი არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის იმართება გარე ძალებიდან, არის ამ ქვეყნისა და ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას ორი პარასკევი დარჩა," - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილე 225 წევრიდან, 224-მა ხმა მიხეილ ყაველაშვილს მისცა.
პრეზიდენტის არჩევნების პროცესში, ბარიერ-გადალახულმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და მათმა ნაწილმა, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი პარლამენტთან გააპროტესტა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ფიცს 29 დეკემბერს დადებს.