



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, სადაც ასახულია, თუ როგორ ხდება ერთ-ერთი ჯგუფის გადამზადება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით - ეხმიანებიან მმართველ პარტიაში.
”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა გამოქვეყნებული ვიდეო-აუდიო კადრებით უფრო ნათელი გახდა საზოგადოებისათვის რა მიზანს ემსახურებოდა ტრენინგები.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. ხელისუფლების ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში არეულობა არ იქნება და ამ თემით, სუს-ი ფარცხალაძის საქმის გადაფარვას ცდილობს.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, გავრცელებულმა კადრებმა სუს-ის განცხადება დაადასტურა და გამოძიება კიდევ აგრძელებს საქმის დეტალების შესწავლას.
"გავრცელებული კადრებით, ცალსახად დაინახა საზოგადოებამ თუ რა მიზნისთვის იყვნენ ისინი ჩამოსული და რა კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის და მეთოდოლოგიისთვის ამზადებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ამ ტრენინგებს ესწრებოდა. გამოიკვეთა და დადასტურდა, ის კონკრეტული განცხადებები, რაც სუს-მა ჯერ კიდევ 18 სექტემბერს გააკეთა და რა თქმა უნდა, გამოძიება რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, ამ საკითხის შესწავლას აგრძელებს", - განაცხადა მიქანაძემ.