სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სერბეთის სამი მოქალაქე გამოკითხეს. ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც ისინი გამოკითხვისა და საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ.
სამივე მათგანი საქართველოში, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისა და არეულობის მოწყობის საქმეზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
სერბეთის მოქალაქეები ორგანიზაცია "კანვასის“ წევრები არიან და ისინი საქართველოში ერთ-ერთ ტრენინგზე იმყოფებოდნენ, რომელსაც ასევე გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სუს-ის ინფორმაციით, სწორედ "კანვასი“ გამოიყენება იმ ახალგაზრდების ჯგუფის მოსამზადებლად, ვინც თბილისში დესტაბილიზაცია უნდა მოაწყოს.
"ვერაფერს გეტყვით ამ საქმესთან დაკავშირებით, კანონიერად გამაფრთხილეს, რომ არ ვისაუბრო, ბოდიში", - განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა.