07 ოქტომბერი 2026,   03:40
ვრცლად
უკანონო ქმედებები და შანტაჟი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან - ენმ-ის ყოფილი წევრი მალხაზ თავდგირიძემ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა 

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, მალხაზ თავდგირიძემ საგამოძიებო სამსახური რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის საგამოძიებო სამსახურში მისი განცხადების საფუძველზე დაიბარეს.

თავდგირიძემ თქვა, რომ მის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან განხორციელდა უკანონო ქმედებები და შანტაჟი. მალხაზ თავდგირიძის განმარტებით, ყოფილმა თანაგუნდელებმა მისი პირადი საუბრები მესამე პირზე გაავრცელეს. 

"ჩემი გამოკითხვა მოხდა, დღეს კი განჩინებით ამოღებული იქნა ჩემი ტელეფონიდან ის ინფორმაცია, რომელიც ინახებოდა, პირადი მიმოწერა იყო, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და გასაჯაროებული იქნა მესამე პირებზე. ეს არის ის წითელი ზღვარი, რაც გადაიკვეთა. უნდა დამეტოვებინა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრობის მანდატი, რაც შეეხება ვინ ითხოვდა, ისინი გუშინ დაბარებული იყვნენ საგამოძიებო ორგანოში. ყველაზე დიდი ამორალურობა ის არის, როცა ადამიანების პირად მიმოწერას ნახავენ და ამით ხდება შემდეგ შანტაჟი საკუთარი წევრებისა," - აცხადებს მალხაზ თავდგირიძე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ, რომელიც ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე საკუთარ წევრებსაც კი შანტაჟით ემუქრებიან. 

"შეიძლება ითქვას, უკვე იმდენად გათავხედდნენ, რომ თავიანთ წევრებსაც კი შანტაჟით ემუქრებიან და ამის დამადასტურებელი ფაქტები, როგორც ჩემთვის ცნობილია, გადასცა უკვე ბატონმა მალხაზ თავდგირიძემ შესაბამის უწყებებს. ეს ურღვევი პროცესია და გაგრძელება იმ ლოგიკური ჯაჭვის, რასაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა წლების განმავლობაში და მივიდნენ იქამდე, რომ საბოლოო ჯამში, ნაციონალური მოძრაობა გაქრება პოლიტიკური არენიდან და ორბიტიდან.

ეს არის იმ ადამიანების გაერთიანება, ვისაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი არ სურს. ისინი მზად არიან მოვიდნენ თანამდებობზე მხოლოდ იმისთვის, რომ განახორციელონ რევანში მოსახლეობის მიმართ," - აცხადებს ტიტე აროშიძემ.

საკითხზე, გვიან ღამემდე საგამოძიებო უწყებაში იყვნენ ის პირებიც, ვისაც თავდგირიძე ადანაშაულებს, მათ შორის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი. მოხდა მათი ტელეფონების ამოღება. თავდგირიძის ბრალდებებს უარყოფენ მამუკა ჯევაიში და ელგუჯა ბაგრატიონი. 

დღის ამბები