27 ივნისი 2022,   03:56
ვრცლად
გაორმაგებული ექსპორტი ევროკავშირში და საქართველოს ეკონომიკის თითქმის 15%-იანი ზრდა - წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მშპ-ს მოცულობა 14 მილიარდ ლარზე მეტია

ევროკავშირში გაორმაგებული ექსპორტი და საქართველოს ეკონომიკის თითქმის 15%-იანი ზრდა - მხოლოდ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 14 მილიარდ ლარზე მეტია.

"საქსტატის" ახალი მონაცემების თანახმად, წამყვანი პოზიცია საგარეო ვაჭრობას უჭირავს, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი გაორმაგებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. საქართველო საკუთარი პროდუქციის ექსპორტის ზრდას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მომდევნო თვეებშიც ელოდება.

გერმანია, დიდი ბრიტანეთი, კანადა - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც კომპანია "აუგუსტის" საკუთარი პროდუქცია გააქვს. ხილის ქარხანაში რამდენიმე სახის ჯემს, წვენებსა და სოუსებს ამზადებენ. კომპანიაში ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებული, და პროდუქტსაც მხოლოდ ქართველი ფერმერებისგან იბარებს. ქარხნის გენერალური მენეჯერი გვიყვება, რომ რეალიზაციის პროცესში საერთაშორისო გამოფენებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკის პროცენტულ მაჩვენებელზე ახალი მონაცემები გამოაქვეყნა დღეს "საქსტატმა". 2022 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 14 მილიარდ ლარზე მეტია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი რეალურმა მატებამ 14.9% შეადგინა. მონაცემებში მოწინავე პოზიციაზე სწორედ საგარეო ვაჭრობაა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მაისში ექსპორტი ევროკავშირში თითქმის გაორმაგებულია, მნიშვნელოვანი მონაცემები ფიქსირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და აზერბაიჯანში.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი გაზრდილ მონაცემებს მომდევნო თვეებშიც ელოდება. ამბობენ, რომ საქართველო მსოფლიოში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე რეგიონში ისევ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს.

დღის ამბები