04 დეკემბერი 2021,   15:22
ვრცლად
ხიბულაში სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მემორიალურ სახლს სოფელ ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღდგენითი სამუშაოები ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა. ჩატარდა წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. "ქართუმ" ხიბულაში თანამედროვე საბავშვო ბაღიც ააშენა და სააღმზრდელო დაწესებულება როგორც ინვენტარით, ასევე ტექნიკით აღჭურვა.

ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა ზუგდიდის სოფელ ნარაზენში. სამუშაოები ამ შემთხვევაშიც ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა. სოფელში ტაძართან ერთად აშენდა სამრევლო სკოლა და მოეწყო მეურნეობა.

ფონდის დაფინანსებით რაგბის კომპლექსი შენდება ზუგდიდში. სარაგბო ბაზა, რომელიც 5000-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი, საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სტადიონს, რომელიც მეორე სარაგბო ბაზა იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ექნება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო "ქართუს" აღმასრულებელი დირექტორი, ზუგდიდის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" და რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი აშენდა ფოთში. ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო დარბაზებით, დასასვენებელი ოთახებით, ვიაიპი, პრესისა და მატჩის კომისრის ლოჟებით, სამედიცინო და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. ,"პარკი-არენა" 2 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ბაზა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით, ასოციაცია "ატუმ" ააშენა და მოაწყო, რისთვისაც 6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ფოთში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამხატვრო სასწავლებლის შენობასაც, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობა, რომელიც სრულად აღადგინეს, წლების განმავლობაში ავარიული იყო.

ზღვისპირა საპორტო ქალაქში "ქართუს" მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ დასრულდა ნიკო ნიკოლაძის კოშკის რესტავრაცია. ასევე გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის სამუშაოები. რაც შეეხება თეატრებს, ფონდის დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს კი სრული რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა.

დღის ამბები