29 ოქტომბერი 2020,   21:59
ვრცლად
კახეთში მევენახეები ღვინის საწარმოებთან რიგებს აპროტესტებენ - მოქალაქეების მოთხოვნას "რთველი 2020"-ის საკოორდინაციო შტაბში უპასუხეს

კახეთში, ღვინის საწარმოებთან არსებულ რიგებს მევენახები პროტესტით შეხვდნენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ფერმები აცხადებენ, რომ რამდენიმე საათის განვალობაში უწევთ რიგში დგომა, რაც მოსავალს აზიანებს და ხარისხს უკარგავს. ხშირ შემთხვევაში მოკრეფილი ყურძენი ლპება.

ისინი დახმარებას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

რიგებთან დაკავშირებით მოქალაქეების მოთხოვნას ბრიფინგით უპასუხეს "რთველი 2020"-ის საკოორდინაციო შტაბში. ლევან მეხუზლას თქმით, საჭიროა მევენახეები სოფლის რწმუნებულებთან კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა რეგიონში რთველის პიკურ პერიოდში რიგები არ წარმოიქმნას.

მისივე თქმით, ქარხნებთან დღეს არსებული შეფერხება იქიდან გამომდინარე ხდება, რომ მოსახლეობის ნაწილი სოფლის რწმუნებულებთან შეუთანხმებლად კრეფს მოსავალს, რის გამოც საწარმო მიღებას და გადამუშავებას ვეღარ ასწრებს.

ამასთან, ლევან მეხუზლას განცხადებით, მევენახეებს რიგში დგომა გასულ წლებთან შედარებით უფრო ცოტა ხანს უწევთ.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში 179 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, აქედან 130 ათასი ტონა რქაწითელია, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

დღის ამბები