04 აგვისტო 2020,   09:01
ვრცლად
ორჯერ დადასტურებული PCR ტესტის მიუხედავად ყარაჯალაში COVID-19-ის არსებობის არ სჯერათ - ინფიცირებული ჩვილის ოჯახი სასამართლოში ჩივილს აპირებს

ყარაჯალა კიდევ ერთი სოფელია საქართველოში, სადაც კორონავირუსის არ სჯერათ. ე.წ. ოქროს სტანდარტით ჩატარებული - PCR ტესტით დადგენილია, რომ 10 თვის ბავშვს COVID-19 აქვს, თუმცა ადგილობრივები ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ, მათი არგუმენტია, რომ სოფელში COVID-19-ის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის გამოვლენილი, არც ჩვილის ოჯახის წვერები არიან ინფიცირებულები.

ადგილზე მისულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს უთხრეს, რომ ბავშვის სიმპტომები კბილის ამოსვლას უკავშირდება. ჩვილის ბებია და პაპა კი ამტკიცებენ, რომ ტემპერატურა, დიარეა და ცხელება ბავშვის მოწამვლამ გამოიწვია. ისინი ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.

სოფელ ყარაჯალაში კი პარალელურად ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის წყაროს და კავშირებს ეძებენ. მედიკოსებმა წყაროს ამ დრომდე ვერ მიაგნეს, 17 კავშირი კი უკვე მოძიებული.

10 თვის ბავშვი თელავის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში დედასთან ერთად ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატარას ვირუსი ნაწლავური ინფექციით და ტემპერატურით დაეწყო, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის მონაცემები 2-ჯერ PCR ტესტით გადამოწმდა.

დღეს დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც ასევე უცნობია რა გახდა 72 წლის კაცის ინფიცირების წყარო. ხანში შესული მამაკაცი მცხეთის სამედიცინო ცენტრში ბოქსირებულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ამ დრომდე მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების კვლევა.

ქვეყანაში ვირუსი ისევ ცირკულირებს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დღის განმავლობაში დადასტურებული ერთეული შემთხვევები, რომლის წყაროც უცნობია არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო გააქტიურდა, თუმცა თვლის, რომ საყურადღებოა.

საქართველოში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 10-ს არ აღემატება. მათი უმრავლესობა იმპორტირებულია. უკვე 70-ს აღწევს სატვირთო ავტომობილების ინფიცირებული მძღოლების რაოდენობა საქართვლოში, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

დღის ამბები