21 ოქტომბერი 2020,   13:43
ვრცლად
"მოყვანილი ჰყავთ მოწმეებად პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ფიცის მიუხედავად, ამბობენ უამრავ ტყუილს"- გიგა მაქარაშვილი

საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების საქმეზე განხილვა მიმდინარეობს. ნოდარ რუხაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს სახელმწიფო ბრალდება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლები საკუთარ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.

"დაკავების დროს, როდესაც შეუძლოდ გავხდი პოლიციელების ძალადობის შედეგად, მათი ვერსიით, მე ვუწევდი წინააღმდეგობას პოლიციელებს. ამ წინააღმდეგობის დროს დავიღალე და შემდეგ მიწაზე დავწექი და ვთქვი, რომ ცუდად ვიყავი. ამ სამარცხვინო რაღაცებს ამტკიცებენ პოლიციელები დღეს და იტყუებიან მაშინ, როდესაც ფიცს დებენ, სანამ მოწმის სტატუსით შემოვლენ დარბაზში. ცუდია, რომ პოლიციელებზე მსგავსი ზეწოლა ხორციელდება, მათ უწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე.

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს მოწმეების სახით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჰყავთ მოყვანილი.

"მოყვანილი ჰყავთ მოწმეებად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ფიცის მიუხედავად, ამბობენ უამრავ ტყუილს და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ პირდაპირ გვაქვს მტკიცებულება სრული ვიდეოს სახით, სადაც ქალბატონი მოსამართლე ნახავს, თუ როგორ ატყუებენ მოწმეები, რომლებმაც დადეს ფიცი,"- აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

31 დეკემბერს, სულ 10 პირი დააკავეს, რომლებიც პარლამენტის წინ, კარვების აღებასა და ატრაქციონების დადგმას აპროტესტებდნენ. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღის ამბები