ორი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განლაგებული აშშ-ის ძალები მზად არიან, ირანის წინააღმდეგ ახალი, პოტენციურად მასშტაბური სამხედრო ოპერაციები დაიწყონ. მათი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების შემთხვევაში, იერიშები 96 საათის განმავლობაში დაიწყება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
წყაროების თქმით, რეგიონში ამჟამად საკმარისი სამხედრო ძალებია განლაგებული შესაძლო თავდასხმების განსახორციელებლად.
მათი განმარტებით, აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაციების მასშტაბი, სავარაუდოდ, გასცდება მხოლოდ წერტილოვან დარტყმებს, რომელთა მიზანიც არსებული სტატუს -კვოს შენარჩუნება იყო - მაგალითად: რადარების, სარაკეტო გამშვები დანადგარებისა და ირანის სხვა სამხედრო ობიექტების განადგურებას, რომელთა აღდგენაც მოკლე დროშია შესაძლებელი.
წყაროებმა დაამატეს, რომ მსგავსი შეზღუდული დარტყმები იყო აშშ-ის მოქმედებების ძირითადი ფორმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები შეაჩერა.
"ეს მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს", - განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
მედიის ინფორმაციით, მსგავსი მოსაზრება გაიზიარეს აშშ-ის სხვა მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმაც, რომლებიც სამხედრო დაგეგმვის შიდა განხილვებს იცნობენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკითხავი ის კი არ არის, გასცემს თუ არა ტრამპი ოპერაციის დაწყების ბრძანებას, არამედ ის, თუ როდის გააკეთებს ამას.
მათი ვარაუდით, ასეთი ბრძანება შესაძლოა წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს გაიცეს, თუმცა ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ეს აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდება.