5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში განახლდება. პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო.
მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება - პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველ დღეს ვერ ამოიწურა შუამდგომლობის ეტაპი, შესაბამისად სხდომა დღეს სწორედ ამ საკითხის განხილვით გაგრძელდება. პროცედურულად, ამის შემდეგ უკვე შესაბამისი მოხსენებით უნდა წარადგინოს მომხსენებელმა მოსამართლემ, მხარეებმა გააკეთონ ახსნა-განმარტებები, დარბაზში კითხვა-პასუხიც იქნება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა და პირველი კოლეგიის თავმჯდომარის, ვასილ როინიშვილის განცხადებით, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლოს მოუწევს, თითოეული მტკიცებულების დასაშვებობა და სარწმუნოობა ინდივიდუალურად შეაფასოს.
ვასილ როინიშვილმა არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის თაობაზე უმრავლესობის სარჩელის განხილვა დაანონსებულ 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდეს.
„სავარაუდოდ, ვერ მოვასწრებთ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. წინასწარ ვერ გეტყვით, ახლა როგორ განვითარდება. დავუშვათ, მხარემ მოიტანა, ასე ვთქვათ, თავის პოზიციის გასამყარებლად საგაზეთო სტატია. ეს სასამართლომ უნდა მიიღოს მტკიცებულებად თუ არ უნდა მიიღოს მტკიცებულებად? აი, რაღაც ფაქტი არის რომელიღაც „ალიაში“, მაგალითად, აღწერილი. ეს დაუშვებელი მტკიცებულებაა. გამორიცხულია ეგ საკითხი, რომ უპირობო ჭეშმარიტებად იყოს რაღაცა მიჩნეული წინასწარ“, - აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი.