საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური ძალის არა კონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვას რამდენიმე წუთში დაიწყებს. სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას.
პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, ოპონენტებს სამართლებრივი არგუმენტები თითქმის არ აქვთ.
"ჯერ იქნება შუამდგომლობები, ექნებათ ალბათ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შუამდგომლობა. ჩვენს ოპონენტებს აქვთ რაღაც შუამდგომლობები, ისინი მათ დააყენებენ, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებებს, მერე წარვადგენთ ჩვენს სარჩელს. მერე, საპასუხოდ, მიეცემათ თავისი პოზიციის წარმოდგენის საშუალება ჩვენს ოპონენტებს. ამის შემდგომ პროცედურა ითვალისწინებს, თუ თვითონ სასამართლოს აქვს მხარეების მიმართ რამე შეკითხვები, ისინი დააზუსტებენ, ვთქვათ, ამ შეკითხვებს თვითონ სასამართლო. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ერთმანეთისათვის კითხვების დასმა და პასუხების გაცემის ეტაპი. მერე, რა თქმა უნდა, იქნება შეჯამება. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება. ისინი, ალბათ, შეეცდებიან, რაღაც ისეთი სანახაობრივი შოუ მოაწყონ, რადგან სამართლებრივი არგუმენტები თითქმის არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, იმდენად მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია ჩვენ", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
სარჩელის ავტორთა განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.