დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო. ასაცრელად, მოქალაქეებმა სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ.
სახელმწიფომ ფრანგული წარმოების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული 200 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. აცრა რეკომენდებულია ყველა მოქალაქისთვის, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის - მათთვის, ვინც 60 წელს ზემოთაა, ასევე ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისა და ბავშვებისთვის.
ვაქცინაცია ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
"გრიპი საწინააღმდეგოდ აცრები ძალიან ეფექტური საშუალებაა, როგორც ინდივიდუალურად დაცვის თვალსაზრისით და ის ბევრი ადამიანისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინც წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ რისკის ჯგუფებს. ეს შეიძლება იყვნენ ორსულები, ეს შეიძლება იყოს ხანდაზმულები. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ქრონიკული დაავადებების მატარებელ პირთათვის აცრა, იმიტომ, რომ ბევრი შესაძლო გართულება შეიძლება ამგვარად თავიდან იქნეს არიდებული. იმავდროულად, მნიშვნელობა აქვს ამას იმისთვის, რომ გრიპის გავრცელებას ზოგადად ხელი შეეშალოს ამგვარად. ჩვენი მოწოდებაა ყველას მიმართ, რომ მაქსიმალურად აქტიურად აიცრან", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.