20 ოქტომბერი 2026,   16:34
ვრცლად
ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, ხვალიდან დაიწყება. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის სარჩელს არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბათუმში კონკრეტული მტკიცებულებებით ჩადიან. რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას ოპოზიცია ამ დროისთვის უცნობია.

5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ბათუმში მიმდინარე სასამართლო პროცესები ღია იქნება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თითოეულ პარტიასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას თავად გამოიტანს.

"მთავარი, ამ შემთხვევაში, არის სამართლებრივი არგუმენტები. საქართველოს პარლამენტი იქნება წარმოდგენილი ჩვენი დეპუტატებით, რომლებიც არგუმენტებს წარმოადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოში. იქნება მოპასუხე მხარეც.

ეს ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას და დავას. საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი.

ეს არის ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი, რომელიც ასევე უზრუნველყოფილია კონსტიტუციით და აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები