19 ოქტომბერი 2026,   17:22
ვრცლად
როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ - დავით მათიკაშვილი

დასავლეთის დუმილი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში პარტიების აკრძალვაზე, მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა.

2022 წლიდან მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაში, სხვადასხვა საფუძვლით ათეულობით პარტია აიკრძალა, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ეს ქვეყნები არავის გაუკრიტიკებია. ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში საქმიანობის უფლება შეუწყდა 18, მოლდოვაში კი 2 პოლიტიკურ ძალას.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური და აგენტურით გაჯერებული პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, ევრობიუროკრატებმა პროცესის დისკრედიტაცია დაიწყეს.

"ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებით პროცესს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პარტიები იკრძალება, მედიასაშუალებები იხურება და ამ პროცესს ევრობიუროკრატია ნათლავს დემოკრატიულად, დემოკრატიის წინსვლად. არც ერთი მაკრიტიკებელი განცხადება ამ პროცესზე ჩვენ ევრობიუროკრატიიდან, ევრომაღალჩინოსნებიდან არ გაგვიგია.

ხოლო, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ და არაერთ გზის იყო მცდელობა მოეხდინათ ამ პროცესის დისკრედიტაცია.

ნათელია, რომ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს, რა თქმა უნდა, საქმე. ის, რაც არის იუპიტერისთვის დასაშვები, ხარისთვის ამის გაკეთება არ შეიძლება - ეს არის დღევანდელი ევრობიუროკრატიის მოქმედების პრინციპი. ამ პრინციპით მოქმედებენ ის ძალები, რომლებიც მართავენ მაღალჩინოსნებს ევროკავშირში და ყოველნაირი მცდელობა საქართველოში დააკნინონ უაღრესად დემოკრატიული, დემოკრატიის გაძლიერებისთვის მიმართული პროცესი, რაც პრინციპში აგენტურით გაჯერებული პარტიების აკრძალვას, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული, ე.წ. პოლიტიკური სინამდვილეში კი, დამნაშავე ძალების პოლიტიკური სცენიდან, მათ სასამართლო წესით განდევნას გულისხმობს, მონათლულია არადემოკრატიულია", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები