19 ოქტომბერი 2026,   11:01
ვრცლად
ძალადობა, ნგრევა არ არის გამოხატვის ფორმა და ქაოსი ვერ გახდება საფრანგეთის მომავალის პროექტი. გვყავს დეზორიენტირებული მაკრონისტული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი უძლურების კომენტირების გარდა აღარაფერს აკეთებს - მარინ ლე პენი

საფრანგეთის ოპოზიციური პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მარინ ლე პენმა ფრანგ ხალხს მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი მოვლენები, საჯარო და კერძო საკუთრების განადგურება, აგრეთვე მოქმედი ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა.

მისი შეფასებით, ექვს თვეში ფრანგ ხალხს ექნება არჩევანი ავტორიტეტის, უსაფრთხოებისა და აღორძინების გზას შორის.

"ფრანგებო, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! გუშინ თქვენს ეკრანებზე შიშით შეჰყურებდით ჩვენს ქალაქებსა და ქუჩებს - ჩვენს ქვეყანას, რომელიც დაჩაგრეს, აწამეს და გაძარცვეს. თქვენ იხილეთ ნგრევა და მაროდიორობა, რომელიც პოლიტიზებული დამრბევებისგან შემდგარი ჯგუფებსა და გარეუბნებიდან წამოსულ კრიმინალებს შორის შემდგარმა ალიანსმა ჩაიდინა. თქვენ ნახეთ ცეცხლმოკიდებული საჯარო შენობები, გაძარცული მაღაზიები, თავდასხმები პოლიციის განყოფილებებზე და სამიზნედ ქცეული პრეფექტის სახლი. თქვენ დაინახეთ ჩვენი რუბლიკის ყველაზე წმინდა სიმბოლოების შებღალვა: თავდასხმები მერიებზე, დამტვრეული მარიანა და შელახული სახელმწიფოს ავტორიტეტი.

თქვენ იხილეთ საჯარო შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების მძიმე კადრები, მათ შორის ლიმოჟის მერიის ხანძარი და ჩამონგრეული კოშკი. ამან ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში დამწვარი ნოტრ-დამის ტკივილიანი მოგონება გააღვიძა. ყოველი განადგურებული შენობის უკან ჩვენი ისტორიის ნაწილი, სიმბოლოები და ფასეულობები დგას, რომლებიც ჩვენს ერთობას ქმნის. ყოველი გაძარცული მაღაზიის უკან ადამიანთა მთელი სიცოცხლის შრომაა. ყოველი შეურაცხყოფილი პოლიციელისა და საჯარო მოხელის უკან თავად რუბლიკა დგას. მინდა მტკიცედ ვთქვა: საფრანგეთი არასდროს და არ უნდა შეეგუოს მსგავს სცენებს. მოვუწოდებ ფრანგებს სიმშვიდის, ღირსებისა და რესპუბლიკური თავშეკავებისკენ. ყველა, ვინც სახელმწიფოს ემსახურება - პოლიციელები, ჟანდარმები, მეხანძრეები და პრეფექტები - ჩემს სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.

ჩვენ განვიცდით ნდობისა და ავტორიტეტის ღრმა კრიზისს, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ჩვენი ქვეყანა ძალადობასა და უძლურებას შორისაა მოქცეული. ერთი მხრივ, არიან ძალები რომლებიც ანგრევენ, რომლებიც ახალისებენ ძალადობას და რესპუბლიკის წარმომადგენლებს მტრებად სახავენ. ამ მიმდინარეობას, თავის პოლიტიკურ ფრთასთან (LFI) და შეიარაღებულ ჯგუფებთან ერთად, როგორიცაა ანტიფა, ძალადობა პოლიტიკური გამოხატვის ლეგიტიმურ გზად მიაჩნია.

ძალადობა არ არის აზრის გამოხატვა, ნგრევა არ არის გამოხატვის ფორმა და ქაოსი ვერ გახდება საფრანგეთის მომავალის პროექტი. მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს დასრულებული და დეზორიენტირებული მაკრონისტული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი უძლურების კომენტირების გარდა აღარაფერს აკეთებს. მინისტრი, რომელიც სატელევიზიო ეთერებიდან მხოლოდ განადგურებული ობიექტების სტატისტიკას ათვლის, და პრეზიდენტი, რომელმაც რეალობასთან კავშირი დაკარგა. ეს ძალადობრივი მოვლენები უმიზეზოდ არ წარმოშობილა, ის ამოიზარდა იმ მავნე გარემოდან, რომელიც მთავრობამ ხალხის უგულებელყოფით შექმნა. მილიონობით ფრანგია განრისხებული, მაგრამ ისინი არ ძარცვავენ და არ ანგრევენ. ვგმობ პოლიტიკური ძალების მიერ ამ ბრაზის ინსტრუმენტალიზებას.

დემოკრატიაში სუვერენი ხალხია და მისი ნება უნდა შესრულდეს. ამ პრინციპს ყოველდღიურად არღვევენ. კონსტიტუციური საბჭოს პრეზიდენტმაც კი გადააბიჯა თავის ეთიკას და პოლიტიკურ პოზიციებზე დაიწყო საუბარი. ჩვენ ვდგავართ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი უარყოფისა და ქაოსური იმიგრაციის შედეგების წინაშე.

ექვს თვეში ფრანგებს ექნებათ არჩევანი - ავტორიტეტისა და უსაფრთხოების გზას შორის. ეს იქნება საფრანგეთისთვის იმედისა და აღორძინების გზა. გაუმარჯოს რესპუბლიკას და გაუმარჯოს საფრანგეთს!" - აცხადებს ლე პენი.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები