დღეს, 14:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში აქტუალურ თემებს, ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
დადასტურებულია, რომ სხდომას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მედიისთვის კი განცხადებები შეკრების დასრულების შემდეგ გაკეთდება.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება რიგითი სამუშაო შეხვედრა და არანაირი განსაკუთრებული სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი.
"პარტიის სათაო ოფისში გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომელსაც დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე. იქნება განხილული მიმდინარე საკითხები. სავარაუდოდ, წინ უსწრებს ამ სხდომას პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც პერიოდულად ტარდება. განხილული იქნება მიმდინარე თემები, რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული საკითხის განხილვა არ იგეგმება. ყველაფერ დანარჩენზე და შეხვედრის შედეგებზე საზოგადოებას უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ეცნობება,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.