თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი გახარიას საქმეზე, პროცესი გაიმართა. საქმე 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება. სხდომაზე გამოკითხეს დაცვის მხარის 2 მოწმე. გიორგი გახარიას ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"დავასრულეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. ასევე, დღეს დაიკითხა სასამართლო პროცესზე შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე, რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სრულიად საქართველოს წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და ასევე დეოკუპაციის საკითხთა კომისიის წევრები." - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა.
საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე.
"პროცესზე დაკითხული ორი მოწმიდან ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ადასტურებს იმ პირებს, ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ. მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, რომლებიც წარმოადგენდნენ სოფელ ჩორჩანას და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს. 2019 წლის აგვისტომდე და აგვისტოს შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, მათ სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს." - აცხადებს თამარ იაკობიძე.