16 ოქტომბერი 2026,   16:52
ვრცლად
ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი: ქართულ ღვინოებს აქვთ არომატისა და ტექსტურის არაჩვეულებრივი დიაპაზონი

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "Swirl Wine Group" ორგანიზებით გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას სახელწოდებით „ღვინისა და კერძების დახვეწილი შეხამება ღვინის სამშობლოდან“ სომელიეები, იმპორტიორები, მედიისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა დაეგემოვნებინათ და ქართული მეღვინეობის ისტორიის, ტრადიციებისა და თანამედროვე წარმოების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

ღონისძიებას კომპანია "Swirl Wine Group"-ის ხელმძღვანელი, ცნობილი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.

"ქართულ ღვინოებს აქვთ არომატისა და ტექსტურის არაჩვეულებრივი დიაპაზონი და ისინი საკვებთან ერთად ცოცხლდებიან. მათი შეხამება ორი მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის Trivet-ის შეფ-მზარეულის, ჯონ ლეიკის მიერ ელიტარულ კულინარიასთან, საშუალებას იძლევა გამოჩნდეს ქართული ღვინის მსოფლიო დონის ხარისხი და გასტრონომიული მრავალფეროვნება. ქართული ღვინოები იმსახურებენ ადგილს ნებისმიერი მაღალი დონის რესტორნის ღვინის სიაში", - აღნიშნა სარა ებოტმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას "Swirl Wine Group" ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. ასევე, ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ტარდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 310 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 43%-ით აღემატება.

დღის ამბები